არჩილ გაჩეჩილაძე - შესაძლოა, ლარი საკმაოდ მოკლე ვადაში გამყარდეს
არჩილ გაჩეჩილაძე - შესაძლოა, ლარი საკმაოდ მოკლე ვადაში გამყარდეს

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ვარაუდობს, რომ მოკლე ვადაში შესაძლოა, ლარი გამყარდეს.

როგორც გაჩეჩილაძე აცხადებს, ამის თქმის საფუძველს სპეციალისტების ანალიზი აძლევს.

„ჩვენი ფუნდამენტალური ანალიზი, მათ შორის „გალტ ენდ თაგარტის“ სპეციალისტების ანალიზი აჩვენებს, რომ ლარის კურსი მიმართული უნდა იყოს გამყარებისკენ მოკლე მომავალში”, – აღნიშნავს გაჩეჩილაძე.
ამასთან, „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელი ლარის კურსის ცვლილებას მოლოდინებს უკავშირებს.

„რთულია ჩემთვის იმაზე საუბარი, რა იწვევს დღეს ლარის გაუფასურებას. საგარეო ფაქტორების ნაწილი, შეწონილი კურსი მიგვითითებს, რომ დღეს ლარი ცოტა უფრო მყარი უნდა იყოს. შეიძლება, მოკლე რყევები მოლოდინებიდან გამომდინარე იყოს ან გარკვეული რისკების აღქმიდან გამომდინარე. შეიძლება, საკმაოდ მოკლე ვადაში  გამყარდეს ლარი“, – აღნიშნავს გაჩეჩილაძე.

მისივე თქმით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სავალუტო კურსებიდან გამომდინარე, დოლარის კურსი დღეს 2.7 ლარის ფარგლებში უნდა იყოს.

„თუმცა, 2-3 პროცენტიანი გადახრა ამ ფუნდამენტალური კურსიდან ჩვეულებრივი მოვლენაა და დამოკიდებულია დოლარის მოკლევადიან მოთხოვნა-მიწოდებაზე“, – ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.