არჩილ ჩიქოვანი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ბათუმის მერიაში ბოლო 24 საათში შემოსულია 1 200-მდე ზარი, რომლებზეც რეაგირებას ახდენენ მობილური ჯგუფები და შესაბამისი სამსახურები
არჩილ ჩიქოვანი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ბათუმის მერიაში ბოლო 24 საათში შემოსულია 1 200-მდე ზარი, რომლებზეც რეაგირებას ახდენენ მობილური ჯგუფები და შესაბამისი სამსახურები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში შემოსულია 1 200-მდე ზარი, რომლებზეც რეაგირებას ახორციელებენ როგორც მობილური ჯგუფები, ისე შესაბამისი სამსახურები და მუნიციპალიტეტის სამსახურები, – განაცხადა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ძალიან სამწუხაროდ, რამდენიმე ფაქტი გვქონდა როგორც სახურავების, ისე საჩრდილობლებისა და აივნების ვარდნა-დაზიანების. დაახლოებით 31 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქის მასშტაბით. საერთო ჯამში, 14 ოჯახი არის გაყვანილი, როგორც მუნიციპალურ თავშესაფარში, ასევე უსაფრთხო ადგილას ქირით. ბუნებრივია, ყველა მსგავსი ტიპის შემთხვევაზე გვაქვს სათანადო რეაგირება და მუნიციპალიტეტი მხარში უდგას იმ კონკრეტულ დაზარალებულ ოჯახებს. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ნაწილში სტიქიის მუდმივმოქმედ კომისიაზე, რა თქმა უნდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას და როგორც სახურავების აღდგენითი ნაწილი, ასევე საქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანებული ნაწილიც აღდგება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, „სოკარ ჯორჯიას“ ბოლო 24 საათის განმავლობაში 40-მდე შემთხვევა ჰქონდა და 10 მობილური ბრიგადა მუდმივ რეჟიმში ემსახურება ქალაქს, ამავდროულად, მუდმივად ჩართული არიან ტექნიკური ინჟინრები, ელექტრიკოსები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ 50-მდე თანამშრომელმა 150-მდე შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება.

„ამ ეტაპზე ენერგორესურსების და წყალმომარაგების ნაწილში მუნიციპალიტეტში არსებითი კონკრეტული გამოწვევა არ გვაქვს და მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ აბონენტთა აბსოლუტურ უმრავლესობას, გარდა კონკრეტული ლოკალური გათიშვებისა, მიწოდება ენერგორესურსები და წყალი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა საკმარისი მობილიზებული ტექნიკა სტიქიასთან გასამკლავებლად და რა პრევენციული სამუშაოები ჩატარდა მანამდე, რათა მოსახლეობისთვის მძიმე შედეგები შემცირებულიყო, რადგან გრძელვადიანი პროგნოზით გადაუდებელი თოვა იყო მოსალოდნელი, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მოხდა ყველა შესაბამისი ტექნიკური რესურსის და შესაბამისი სამსახურების მობილიზაცია-გამოცხადება.

„დაახლოებით, 80-მდე სპეციალური ტექნიკური საშუალება 24-საათიან მუდმივ რეჟიმში ემსახურება ჩვენს ქალაქს და ქალაქის ქუჩებს, მაგრამ ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს იყო უპრეცედენტო ნალექი, რომელიც ჩვენ ქალაქში მოვიდა თოვლის სახით. ერთი კვირაა, გადაუღებლად თოვს და ერთი და იგივე ქუჩის, ქუჩის მონაკვეთის და ლოკაციის წმენდა გვიწევს, პრაქტიკულად, დღე-ღამის განმავლობაში ოთხი-ხუთჯერ. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ გამოიყენონ სეზონისთვის შესაბამისი საბურავები, ვინაიდან არაშესაბამისი საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე მოძრაობა აფერხებს, როგორც მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობას, ასევე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას და, შესაბამისად, იქმნება საცობები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა, 4 მარტს აღდგება სასწავლო პროცესი როგორც სასკოლო, ასევე სკოლამდელ დაწესებულებებში.

შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა დამატებითი ცოცხალი ძალის თუ ტექნიკის მობილიზება, რადგან თოვა ხვალაც არის გამოცხადებული, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ფიზიკურად რა რესურსიც არსებობს, ყველა გამოყენებულია, ცოცხალი ძალის ნაწილში ასევე ჩართული არიან როგორც მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, ასევე კონკრეტული საინიციატივო ჯგუფები, განსაკუთრებით ახალგაზრდები და სხვადასხვა საგანმანათლებლო უწყება სტიქიის სალიკვიდაციო კომისიასთან და შესაბამისი შტაბთან კოორდინაციით.

„სწორედ მათი მეშვეობით ხდება როგორც სავალი ნაწილის, საფეხმავლო ნაწილის და ტროტუარების გამოთავისუფლება, ასევე შესაბამის საჭიროებებზე მათი შესაძლებლობების გამოყენება. მომდევნო დღეების განმავლობაში ეს აქტივობა გაგრძელდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ მოქალაქეს და ახალგაზრდებს განსაკუთრებით, ყველა კერძო კომპანიას, რომელიც თავისი ტექნიკური თუ ადამიანური რესურსით მხარში უდგას მუნიციპალიტეტს და საჯარო დაწესებულებებს“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.