არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა კომისიამ ცესკო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მემორანდუმი გააფორმა
არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა კომისიამ ცესკო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მემორანდუმი გააფორმა

2020 წლის არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა კომისიამ ცესკო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„რა შეზღუდვებს უწესებს კანონმდებლობა საჯარო მოხელეებს საარჩევნო პერიოდში და როგორ უნდა იქნას გაგებული კანონის მოთხოვნები- ამ საკითხების ერთგვაროვანი აღქმის მიზნით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ ცესკო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტის მიზანი 2020 წლის არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციაა.

უწყებათაშორისი კომისიის სახელით დოკუმენტს ხელი მოაწერა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე გოჩა ლორთქიფანიძემ. მემორანდუმის ხელმომწერი უწყებები თანხმდებიან საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მუხლის შინაარსზე, იმ შეზღუდვების ერთგვაროვან განმარტებაზე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურეებს საარჩევნო პერიოდში უყენებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, დოკუმენტის ხელმომწერი ორგანიზაციები ასევე თანხმდებიან:

საჯარო მოხელეებისთვის სამუშაო პროცესში საარჩევნო აგიტაციის შეზღუდვა გულისხმობს უშუალოდ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროს, დაწესებულებისთვის შინაგანაწესით შესვენებისთვის განკუთვნილი დრო სამუშაო საათებად არ ჩაითვლება;

საარჩევნო მიზნებისთვის ადმინისტრაციული შენობების ხელმისაწვდომობა გულისხმობს, თუკი ერთ პოლიტიკურ პარტიას მიეცა ადმინისტრაციულ შენობაში საარჩევნო ღონისძიებების ჩატარების საშუალება, იგივე შესაძლებლობა სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩაითვლება კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევად.

საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას დასაბუთებული წერილობითი პასუხი უნდა გაეცეს მიმართვიდან არაუმეტეს 24 საათისა, რა დროშიც პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მიმართვაზე უარის თქმად. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში;

სახელმწიფო დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის დაწესებული შეზღუდვა საარჩევნო მიზნებისთვის სამსახურებრივი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებაზე გულისხმობს აგიტაციის შემცველი მასალების გავრცელებისთვის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის, ოფიციალური ვებგვერდის, აგრეთვე, უწყების „ფეისბუქის“ გვერდის გამოყენებას. ეს შეზღუდვა ვრცელდება ყველა იმ ორგანიზაციაზეც, სადაც სახელმწიფო წილი შეადგენს 20 პროცენტს ან მეტს;

საარჩევნო მიზნებისთვის სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების აკრძალვა ვრცელდება ყველა პირზე, გარდა იმ პირებისა, რომელთა დაცვასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ე.ი. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების პირველი პირების;

სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების ჩაბმის აკრძალვა საარჩევნო პროცესებში გულისხმობს, რომ თანამდებობის პირს ეკრძალება თანამშრომლისთვის რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ღონისძიებებში მონაწილეობის მოთხოვნა. ამასთან, „სხვაგვარად დამოკიდებული პირი“ ნიშნავს პირს, რომელიც მატერიალურად ან რაიმე სხვა ფორმით დამოკიდებულია თანამდებობის პირზე.

მემორანდუმს ხელს აწერენ: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია; საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; სამოქალაქო მოძრაობა- „მრავალფეროვანი საქართველო“; განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; საზოგადოებრივი დამცველი; სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს მემორანდუმთან შეერთება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.