არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია მომავალ კვირაში საუბნო კომისიის ზოგიერთი წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს
არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია მომავალ კვირაში საუბნო კომისიის ზოგიერთი წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს

საარჩევნო საუბნო კომისიის ზოგიერთი წევრის მიმართ შესაძლოა, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია აღნიშნული საკითხის განხილვას მომავალ კვირაში აპირებს.

„შემდეგ კვირას, როდესაც ჩვენ გვექნება შეხვედრა და მსჯელობა, მსჯელობის ერთ-ერთი საგანი იქნება კონკრეტული კომისიის წევრების საკითხი. მხედველობაში მყავს უბნის კომისიის წევრები, ალბათ ჩვენ ვიმსჯელებთ, მოგმართოთ შესაბამისი რეკომენდაციით, რომ იქიდან გამომდინარე, რაც მათთან გასაუბრების დროს გამოიკვეთა, მათ მიმართ დადგეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.

ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი განვიხილოთ კომისიაზე და შესაბამისი წარდგინებით წარვდგეთ თქვენ წინაშე, რადგან რიგ შემთხვევაში მართლაც ძალიან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და კომპეტენციის პრობლემები გამოიკვეთა“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ დღევანდელ სხდომაზე.