არჩევნების მედიამონიტორინგი - არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, ქართულ მედიაში დაძაბულობა იზრდება
არჩევნების მედიამონიტორინგი - არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, ქართულ მედიაში დაძაბულობა იზრდება

31 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო პროცესის მედიაგაშუქება მეტად პოლარიზებული და ნაკლებად დაბალანსებული ხდება, – ასეთია მედიამონიტორინგის ანგარიშის ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც ევროკავშირმა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) დღეს გამოაქვეყნეს.

მათი ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდთან შედარებით, პირველი სექტემბრიდან მკვეთრად მატულობს პოლარიზება ტელევიზიებში, ხოლო ბეჭდურ მედიაში იკვეთება ყველა საარჩევნო მოთამაშის ნეგატიურად გაშუქების ტენდენცია. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ბეჭდური მედია ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას გადაუმოწმებელ წყაროებზე დაყრდნობით.

„პოლარიზება იზრდება სოციალურ ქსელებშიც, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე. ჟურნალისტური სტანდარტები მეტადაა დაცული ონლაინმედიაში, რომელიც საარჩევნო მოთამაშეების ფართო სპექტრს აშუქებს და დისკრიმინაციული ენის გამოყენებას ერიდება. რამდენიმე ონლაინ მედია-საშუალებაში შეიმჩნევა მმართველი პარტიის მხარდაჭერისა და სხვა პარტიების დისკრედიტირების ტენდენცია.

რადიო ინარჩუნებს გაშუქების ნეიტრალურობასა და დაბალანსებულობას, თუმცა, მისი გავლენა საგრძნობლად დაბალია მედიის სხვა სეგმენტებთან შედარებით. უმეტესწილად, რადიო საკმაოდ მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ექსკლუზიურ სარედაქციო კონტენტს არ სთავაზობს მსმენელს.

ყველა მედია სეგმენტში გაზრდილია საარჩევნო პროცესის გაშუქების მრავალფეროვნება, ხოლო დისკრიმინაციული ენისა და გენდერული სტერეოტიპების გამოყენება უფრო იშვიათად შეიმჩნევა. თუმცა, საარჩევნო პროგრამების სიღრმისეული ანალიზი და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები კვლავ ყურადღების მიღმა რჩება“,- ნათქვამია მედიამონიტორინგის ანგარიშში.

მათივე თქმით, ყველა ტელევიზია აშუქებს შესაძლო უცხოურ გავლენას საქართველოს არჩევნებზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ მხრივ, ყველაზე მეტი დრო ეთმობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს (EU), რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (NATO). დასავლეთის სახელმწიფოებისა და გაერთიანებების გავლენა უმეტესწილად დადებითად ფასდება.

„მედიის კვლევა მეტად მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, როგორც ჟურნალისტებისთვის, ისე საზოგადოებისთვის. იმედი გვაქვს, რომ მომავალში არჩევნების ანალიტიკურ გაშუქებას უფრო მეტად ვიხილავთ, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წელს არჩევნების გაშუქება უფრო გაწონასწორებული ტონითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა“,-აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა.

„მედიამონიტორინგის მეორე შეუალედური ანგარიში ასახავს მზარდ პოლარიზებას და არჩევნების ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობას. თუმცა, მისასალმებელია, რომ დისკრიმინაციული ენის გამოყენება შემცირებულია, ხოლო ცრუ ინფორმაციის გავრცელების მცდელობა ვერ აღწევს შედეგს, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ასევე სასიხარულოა, რომ ონლაინ მედია გაცილებით უფრო იშვიათად მიმართავს გენდერული სტერეოტიპების გამოყენებას“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, ასუნსიონ სანჩეს-რუისმა.

ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული საარჩევნო მედიამონიტორინგი ხორციელდება გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო. მედიამონიტორინგი მოიცავს 43 მედია საშუალებას – 12 ტელევიზიას, 10 რადიოს, რვა გაზეთსა და 13 ონლაინ გამოცემას.

დატოვე კომენტარი