არც სლავენ ბილიჩი და არც ცხადაძე - არველაძეს ტაშკენტში ჰუისტრა შეცვლის
ტაშკენტის „ფახთაქორის“ ახალი მწვრთნელი არც სლავენ ბილიჩი და არც კახა ცხადაძე იქნება, გუნდს პიტერ ჰუისტრა გაწვრთნის, – ინფორმაცია გუნდის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.
თანამდებობიდან შოთა არველაძის წასვლის შემდეგ სხვადასხვა კანდიდატები განიხილებოდა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობას იმდენად სურდა, რომ ქართველი მწვრთნელის დაწყებული საქმე გაეგრძელებინათ, რომ შოთას ადგილზე ნიდერლანდელი დანიშნეს, რომელიც 2018 წლის ივნისიდან ქართველის თანაშემწე იყო.
„პიტერ ჰუისტრა, რომელიც ჩვენი გუნდის მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა, „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. იგი შოთა არველაძის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო. ამრიგად, გუნდის შეტევითი ფეხბურთის ფილოსოფია გაგრძელდება. „ფახთაქორი” გააგრძელებს მაყურებლებისა და გულშემატკივრების აღფრთოვანებას ლამაზი, დინამიური, შემტევი ფეხბურთის დემონსტრირებით, მისი სტილისა და ფილოსოფიის შეუცვლელად, რაც ბოლო წლებში დამკვიდრდა“, – წერია „ფახთაქორის“ განცხადებაში.
საფეხბურთო კარიერის განმავლობაში პიტერ ჰუისტრამ ხუთი სეზონი ითამაშა შოტლანდიაში „გლაზგო რეინჯერსში“ და შოთა არველაძესთან დამეგობრდა, რაც პარტნიორობაში გადაიზარდა.
არველაძემ, რომელმაც კლუბთან ერთად უზბეკეთის ჩემპიონობა და თასი ორჯერ მოიგო, მომხდარს „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა.
„პიტერ, გილოცავთ მთავარ მწვრთნელობას! საუკეთესოს გისურვებ ჩემო მეგობარო“, – წერს შოთა არველაძე.
შეგახსენებთ, რომ უზბეკური მედიის ცნობით, „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელის როლში ხორვატი სლავენ ბილიჩისა და ქართველი კახა ცხადაძის კანდიდატურები განიხილებოდა.