კაირი ირვინგმა სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა - „ინდიანას“ 22 ქულა ჩაუგდო [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ სათამაშო დღეს, პირველი მატჩი ჩაატარა ახალ სეზონში „ბრუკლინის“ ვარსკვლავმა კაირი ირვინგმა. ის კვლავინდებურად არავაქცინირებულია და ნიუ იორკის კანონმდებლობის შესაბამისად, არ აქვს „ნეტსის“ საშინაო მატჩებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ შეუძლია გასვლით შეხვედრებში თამაში. იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის ბევრი შემთხვევის გამო, „ბრუკლინის“ შემადგენლობა შესუსტებულია, გუნდის ხელმძღვანელობამ ირვინგის განაცხადში შეყვანა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ ჩამოაშორა მცველი ვარჯიშებს.
„ინდიანას“ წინააღმდეგ ირვინგი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 32 წუთი ითამაშა. მას ეტყობა, რომ შორს არის ოპტიმალური ფორმიდან, მაგრამ მაინც მოასწრო 22 ქულის (9/17 – თამაშიდან), ოთხი შედეგიანი გადაცემისა და სამი მოხსნის დაგროვება.
„ბრუკლინმა“ მოიგო სტუმრად შეხვედრა 129:121, მიუხედავად იმისა, რომ მესამე მეოთხედში 19 ქულით იყო ჩამორჩენილი და შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებების სერია. „ნეტსის“ რიგებში 39 ქულით საუკეთესო კევინ დურანტი იყო – 39 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი. „ინდიანაში“ სამმაგი დუბლი ჰქონდა დომანტას საბონისს (32 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი), 30 ქულა დააგროვა ლენს სტივენსონმა, რომელმაც 2018 წლის შემდეგ პირველად ითამაშა „პეისერსის“ არენაზე.