არასრულწლოვნის ძარცვისთვის ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

14:49, 13.11.2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევმა ა.შ.-მ, 2018 წლის 2 აგვისტოს საღამოს თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, არასრულწლოვან გ.გ.-ს ძალადობის გამოყენებით გასტაცა 140 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.შ.  3 აგვისტოს დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის; იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარუდგინა. ა.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქალაქო სასამართლომ ა.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მსგავსი