არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დახურულ სხდომაზე მსჯელობენ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დახურულ სხდომაზე მსჯელობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული შვიდი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. სხდომა დახურულია.

სახელმწიფო ბრალდება საქმეში მონაწილეების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

პროკურორის, მარიამ გოგორელიანის თქმით, მშობლებისთვის ცნობილი იყო, რომ მათ შვილებს პორნოგრაფიულ მასალას უღებდნენ.

„ისინი აქირავებდნენ თავიანთ შვილებს, რომ მათთვის შემდგომში გადაეღოთ პორნოგრაფიული შინაარსის შემცვლელი ფოტო და ვიდეო მასალა. შვიდიდან ექვსს ედება ბრალად ორგანიზებული ჯგუფის მიერ ტრეფიკინგის ჩადენა, ხოლო ერთი ბრალდებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. ექვსი არის მშობელი, ერთი კი, ერთ-ერთი დაკავებულის მეგობარი. რაც შეეხება ამერიკის მოქალაქეს, მას პატიმრობა აქვს შეფარდებული, ის მასწავლებელი იყო წლების წინ. ამჟამად, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა, არ ეწეოდა არანაირ საქმიანობას, გარდა ამ დანაშაულის.  აბსოლუტურად ყველა მშობლისთვის ცნობილი იყო, რომ მათ შვილებს უღებდნენ პორნოგრაფიული შინაარსის შემცველ ფოტო და ვიდეო მასალას და ყველა მშობელს ჰქონდა ფინანსური გარიგება, თითო ფოტოსესიისთვის იღებდნენ სულ მცირე, 1000 ლარს ან 3000 ლარს. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, ბავშვი რამდენად პოპულარული იყო ამგვარი ფოტოსურათებით დაინტერესებულ პირებში“, – განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, ყველა მშობელს ჰქონდა კომუნიკაცია უშუალოდ ორგანიზატორებთან.

„ხშირ შემთხვევაში, ხდებოდა, რომ თვითონ რეკავდნენ საკუთარი ინიციატივით და ითხოვდნენ, იქნებ, უფრო მალე ყოფილიყო ფოტოსესია. ექვსი მშობლის შემთხვევაში, დაახლოებით 8 არასრულწლოვანზეა საუბარი, თუმცა კიდევ იკვეთებიან სხვა არასრულწლოვნები და ხდება მათი იდენტიფიცირება“, – განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.

მისი ინფორმაციით, პატიმრობა სამ ადამიანს აქვს შეფარდებული – ერთი არის ამერიკის მოქალაქე, რომელიც იღებდა ფოტო და ვიდეო მასალას.

„ასევე პატიმრობა აქვს შეფარდებული ორ მშობელს, რომლებიც გარდა მათი შვილებისა, ახდენდნენ სხვა არასრულწლოვნების მოზიდვას, სხვა მშობლებთან დაკავშირებას და შეგროვებას. ერთი კი, ცალკე სისხლის სამართლის საქმეა და ცალკე განიხილება ხვალ სავარაუდოდ, ის არის ავსტრალიის მოქალაქე, იღებდა მასალას, თუმცა არ იკვეთება ამ 10 ბრალდებულთან კავშირი“, – აღნიშნა პროკურორმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.