არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. პროკურატურამ ამოწურა ინ მოწმეების დაკითხვა, რომლებიც სიაში ჰყავდა.

დღევანდელ სხდომაზე ის ექსპერტები დაკითხეს, რომლებმაც მკვლელობის იარაღს ჩაუტარეს ექსპერტიზა. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ მკვლელობის იარაღია ორი დანა, აქედან ერთი შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს, მეორე კი საგამოძიებო მოქმედებების დროს ერთ-ერთი მოწმის ინფორმაციის საფუძველზე.

განსხვავებული პოზიცია აქვს მკვლელობის იარაღთან დაკავშირებით დაცვის მხარეს. ადვოკატი განმარტავს, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა დაამტკიცებს, რომ საქმეში ორზე მეტი დანა ფიგურირებს.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ მოკლული არასრულწლოვნების გარდა, პირველ დეკემბერს დაიჭრა კიდევ ერთი მოზარდი, თუმცა გამოძიებით ამ დრომდე არ არის დადგენილი ვის მიერ იყო ის დაჭრილი.

„მოწმე დაიჭრა და ის არც ერთ ბრალდებულს არ დაუჭრია, შესაბამისად, უტყუარად დგინდება რომ მესამე, ანუ კიდევ ერთი დანა იყო“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

მისი განმარტებით, საქმეზე გამოძიება სრულყოფილად არაა ჩატარებული.

„ნივთიერი მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ, მათ შორის ტანსაცმელი, რომელიც მოწმეებს შემთხვევის ადგილზე ეცვათ. გამოვიკვლიეთ ტანსაცმელი პირისა, რომელიც ამბობს, რომ უკვე დაჭრილ სარალიძესთან და მის სისხლთან შემხებლობა არ მქონიაო. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნით აღმოჩნდა, რომ მის ტანსაცმელზე, კონკრეტულად სახელურზე გარდაცვლილის სისხლი აღმოჩნდა. შესაბამისად, ღიად ჩნდება შეკითხვა, თუ გარდაცვლილთან შემხებლობა არ ჰქონია, როგორ აღმოჩნდა, გარდაცვლილის სისხლი მის ტანსაცმელზე.

აღნიშნული მოწმე დაიჭრა კონკრეტული ფაქტის დროს და დაიჭრა დანით, რომელიც არც ერთ ბრალდებულს არ ეკუთვნოდა. თუ ბრალდების მხარე ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ორი დანა იყო და სხვას არავის დანა არ ჰქონია, აღნიშნული მოწმე დაიჭრა და ის არც ერთ ბრალდებულს არ დაუჭრია, შესაბამისად, უტყუარად დგინდება, რომ მესამე, ანუ კიდევ ერთი დანა იყო. ბრალდების მხარე კი ჯიუტად აპელირებს, რომ ორი ბრალდებულის გარდა, დანა არავის ჰქონია.

ამ ადამიანის მიმართ ექსპერტიზის ჩატარება არ მომხდარა ჭრილობის სიგრძის, პარამეტრების გასარკვევად, რათა პასუხი გასცემოდა კითხვას, არის თუ არა რომელიმე დანით აღნიშნული ჭრილობა მიყენებული.

საქმე გვქვს არაეფექტურ, არასრულყოფილ გამოძიებასთან, სწორედ ამიტომ ჭეშმარიტება ვერ დადგინდა. აღნიშნულ საკითხებს ნათელი რომ მოეფინოს, დაცვის მხარის მოწვევით ბრიტანელი ექსპერტები საქართველოში 17 მაისს ჩამოდიან. იმედი გვაქვს, რომ პირველივე ინსტანციაში შევძლებთ ამ მტკიცებულების წარმოდგენას”, – განაცხადა კაკაბაძემ.