არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღე ექსპერტებს დაკითხავენ
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღე ექსპერტებს დაკითხავენ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღე ექსპერტებს დაკითხავენ. სწორედ ამით სრულდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.

საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხება ორი ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელთა მეშვეობითაც უშუალოდ მოხდა დანაშაულის საგნის, დანების ამოღება.

„ერთი დანა ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ხორავას ქუჩაზე მდებარე ეზოდან, მეორე დანა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს. ერთ-ერთმა მოწმემ მიუთითა, სად, რა ვითარებაში ინახავდა დანას, ასევე ამოღებულია ის ხელსახოცი, რაშიც გახვეული იყო დანა. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებები ბრალდების მხარის ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებებს წარმოადგენს.

ამასთანავე, იოტისოდენა ეჭვიც გამორიცხული რომ იყოს, ჩვენ დავკითხავთ ამ ორ პიროვნებას, რომლებიც უშუალოდ ისაუბრებენ რა ვითარებაში მოხდა ხსენებული საგნების აღმოჩენა, როგორ მოხდა მისი ამოღება, ვის ჰქონდა პირველად შეხება, რა ვითარებაში მოხდა მისი დალუქვა და გადაიგზავნა ექსპერტიზაზე“,- განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე გამოიკვლევს ნივთიერ მტკიცებულებებს, რომელიც გამოთხოვილია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან.

„ეს არის საქმეში არსებული მოწმეების ტანსაცმელები. შესაბამისად, ბრალდების მხარე აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, დაასრულებს ადგილზე მტკიცებულებების გამოკვლევას.
ამ დანებზე არის დნმ პროფილი, რომელიც უტყუარია და რომლითაც დასტურდება კონკრეტულ პირთა შემხებლობა საგნებთან, კონკრეტულ დანებთან და ასევე ხელსაცოხთან. დნმ პროფილი უტყუარია, მილიონში, ან ტრილიონში ერთია უზუსტობა”, – განაცხადა ფხაკაძემ.

საქმის განხილვა უკვე ფინალურ ეტაპს უახლოვდება. თვის ბოლოს მოსამართლე ამ საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.