არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი  აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს

დღევანდელ სხდომაზე ვიმსჯელებთ სამხილების დასაშვებობის საკითხებზე, ასევე განიხილება მათი სადავოობის საკითხი, – განაცხადა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობაში ბრალდებულთაგან ერთ-ერთის ადვოკატმა, ვახტანგ აბესაძემ პროცესის დაწყებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

“იმ მტკიცებულებებს, რომელსაც ბრალდების მხარე წარმოადგენს, სადავოს ვხდით. შემდეგ, განიხილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან ძალაში დატოვების საკითხი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გვექნება შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივით შეცვლის შესახებ”,- განაცხადა ადვოკატმა.

გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა რაოდენობა, ამაზე ადვოკატ ვახტანგ აბესაძეს კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირს.

“აღნიშნულთან დაკავშირებით ამომწურავ პასუხს მაშინ გაგცემთ, როცა მოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გასცემს პასუხს ყველა შეკითხვას”,- აღნიშნა ვახტანგ აბესაძემ.

ადვოკატი წინასწარი ვერსიების დასახელებისგან თავვს იკავებს.