არასრულწლოვნების დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს
არასრულწლოვნების დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს

არასრულწლოვნების დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

უცნობია, რა შუამდგომლობით მიმართავს ბრალდების მხარე სასამართლოს – მოითხოვს გირაოს, თუ პატიმრობის გამოყენებას.

დაკავებულის ადვოკატის პოზიციაა, რომ ბრალდებულს გირაო შეეფარდოს, რადგან ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს, თავად გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში და დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.

2000 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს.

ბრალდების ფორმულირება უცნობია, რადგან ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ახმაურებს. თუმცა 31 იანვრის ღამეს „წითელ ბაღში“ მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება მოზარდს არასრულწლოვანი ყოფილი თანაკლასელების დაჭრას ედავება.

საუბარია სამ მოზარდზე, რომელთაგანაც ორი მომხდარის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, ერთი კი მსუბუქად დაშავდა.

როგორც დაკავებულის ადვოკატისგან ირკვევა, დაზიანება აქვს სახის არეში ბრალდებულსაც, თუმცა მსუბუქი სახის. დაკავებულს სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.