არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, გორში ერთი პირი დააკავეს
არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, გორში ერთი პირი დააკავეს

არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, გორში ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ი.ს. წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის თანდასწრებით, არასრულწლოვანზე განხორციელებული ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ 2010 წელს დაბადებულ, უდედმამოდ დარჩენილ ცოლის დისშვილს, ოჯახის სხვა არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ ი.ს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დააკავა. ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი და აღნიშნული ძალადობის შემსწრე მისი და კი სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით არასრულწლოვანზე განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ის ინფორმაციაში.