არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდნენ
არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდნენ

N11 პენიტენციურ (არასრულწლოვანთა) დაწესებულებაში საახალწლო კონცერტი გაიმართა.

სპეციალური პენიტენციური დაწესებულების ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, N11 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები ახალ, 2020 წელს ოჯახებთან ერთად შეხვდნენ.

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში საახალწლო ღონისძიებაც გაიმართა.

საახალწლო კონცერტი ბენდის მონაწილეობით გაიხსნა, რომელიც N11 დაწესებულებაში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მონაწილეობით შეიქმნა. საახალწლო ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ როგორც მასწავლებლები, ასევე, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები.

ახალ წელს არასრულწლოვნებთან ერთად შეხვდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ცხვარაშვილი; დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, თათია ხოჭოლავა და სააგენტოს უფროსის მოადგილე, ლადო ჯავახიშვილი“, – აცხადებენ უწყებაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს მშობლებთან ერთად უკვე მეორედ შეხვდნენ.