არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 იანვარს გაიმართება
არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 იანვარს გაიმართება

არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ შეუპირებლად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემული 5 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს: თ.კ.-ს, გ.შ.-ს, ზ.წ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულ ლ.კ.-ს შეეფარდა გირაო – 5.000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებული მ.კ. გადაეცა მშობლის – დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

დახურულ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულების მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეები. ასევე  გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, სპეციფიკა და მიიჩნია, რომ  ბრალდებულების თ.კ.-ს, გ.შ.-ს, ზ.წ.-ს მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

ამავე საქმეზე ბრალდებულებს, მათ შორის არასრულწლოვანს,  სასამართლომ მათი ასაკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდებულ  ლ.კ.-ს მიმართ  გამოყენებული გირაო -5.000  ლარის ოდენობით, ხოლო  ბრალდებულ მ.კ.-ს მშობლის-დედის მეთვალყურეობაში გადაცემა სრულად უზრუნველყოფს ბრალდებულების სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 9 იანვარს 15:00 საათზე გაიმართება“, – აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.