არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების შედეგებზე საკომუნიკაციო კამპანია დღეს იწყება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგების შესახებ ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის საკომუნიკაციო კამპანია დღეს იწყება.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ღონისძიება რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 13:00 საათზე დაიწყება და რუსთავის სასამართლოს შენობაში „ბავშვზე მორგებული სივრცის” ოფიციალური გახსნით დასრულდება.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰერცელი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, პროექტის “EU4Justice” ხელმძღვანელი, გაეროს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარე რენატა ვინტერი.
განრიდებისა და მედიაციის, ასევე ბავშვზე მორგებული გარემოს შესახებ პრეზენტაციით გამოვლენ განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ლადო ჯავახიშვილი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი თეონა კუჭავა.
როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ და ევროკავშირმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა ერთობლივად განახორციელა. შედეგად, 3000 მოზარდს საკუთარი შეცდომების გაანალიზებისა და გამოსწორების საშუალება მიეცა.
„არასრულწლოვანთათვის განრიდებისა და მედიაციის პროგრამების შემუშავება, ასევე სისხლის სამართლის სისტემაში მყოფი ბავშვებისთვის შესაბამისი, მათზე მორგებული გარემოს შექმნა, აღნიშნული რეფორმების წარმატების მთავარ კრიტერიუმებს წარმოადგენს. ევროკავშირი, 2010 წლიდან უზრუნველყოფს საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის უწყვეტ მხარდაჭერას“, – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციაში.