არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული სამი პირი – მ.ც. თ.ჯ. და ნ.ი. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ც.-მ, ორ თანამზრახველთან – თ.ჯ.-სა და ნ.ი.-სთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანა.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობითვე, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.