არასასურსათო სავაჭრო სექტორში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა და დასაშვები გახდება გასახდელების გამოყენება
არასასურსათო სავაჭრო სექტორში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა და დასაშვები გახდება გასახდელების გამოყენება

არასასურსათო სავაჭრო სექტორში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა და დასაშვები გახდება გასახდელების გამოყენება. ამის შესახებ დღეს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებისა და სავაჭრო ცენტრებისა და არასასურსათო მაღაზიების ხელმძღვანელების შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით შემუშავდა და რომელთა მიზანია, დაცვის მექანიზმებისა და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, ბიზნესმა გახსნის ეტაპზე კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი უზრუნველყოს.

„ამ მიზნით, ბიზნესს ექნება ვალდებულება, სხვა რეგულაციებთან ერთად, როგორიც არის მათ შორის რიგების მართვა და მაღაზიაში ერთდროულად მომხმარებელთა დაშვების კონტროლი, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე. კერძოდ, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. ბიზნესს აქვს საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე – www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, პირველ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

არასასურსათო ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლებმა მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.

„მსჯელობის შედეგად, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არასასურსათო ვაჭრობის სექტორის ოპერირების წესში არსებული შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, კერძოდ, პირველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. ამასთან, დასაშვები ხდება გასახდელების ფუნქციონირება. გარკვეული შემსუბუქება გავრცელდება სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების მიმართულებითაც“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სავაჭრო ცენტრებისა და არასასურსათო მაღაზიების ხელმძღვანელებს, რომლებიც მუშაობას პირველი თებერვლიდან განაახლებენ, პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.