არასამთავრობოთა წარმომადგენლები ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდნენ
არასამთავრობოთა წარმომადგენლები ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდნენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში მყოფ ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა განაცხადა, შედგა საკმაოდ დეტალური საუბარი არამხოლოდ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტის, არამედ სამართლებრივი პრობლემების შესახებ.

„თუკი კონტექსტს არ მივიღებთ მხედველობაში, არა თუ ეს, ნებისმიერი ამაზე გაცილებით უკეთესი კანონიც კი არ მოგვიტანს იმ შედეგს, რომელიც სჭირდება ამ ქვეყანას და მართლმსაჯულებას. ეს კარგად ესმის ვენეციის კომისიას. ამიტომაც შეხვედრის ძალიან დიდი ნაწილი დაეთმო სწორედ არსებული კრიზისის განხილვას, შეფასებას.

ჩვენ გავაცანით ვითარება, რომელიც არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სასამართლო კორპუსში და რა მნიშვნელობა აქვს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების თემას. ვეცადეთ, აგვეხსნა გზები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, შემოვაბრუნოთ ვითარება სასამართლოში და ერთგვარად ის შეცდომებიც გადავაზღვიოთ, რომლებიც აქამდე დავუშვით სასამართლოსთან მიმართებაში“,-აღნიშნა ვერძეულმა.

მისივე ინფორმაციით, სთხოვეს ვენეციის კომისიას, რომ რეკომენდაციებზე მუშაობის დროს განსაკუთრებული აქცენტი სწორედ შექმნილ ვითარებასა და კრიზისზე გააკეთონ.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო რეფორმის დროს დაწერა დასკვნა ამ თემაზე. თუმცა მაშინ, მიუხედავად პოლიტიკური დაპირებისა, სწორედ ის რეკომენდაცია არ შესრულდა, რომელიც იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას ეხებოდა“,- განაცხადა ვერძეულმა.