არასამთავრობოებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ექვსპუნქტიანი გეგმა მოამზადეს
არასამთავრობოებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ექვსპუნქტიანი გეგმა მოამზადეს

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისთვის იწყებენ ახალ კამპანიას და საზოგადოებას კრიზისის დაძლევის ექვსპუნქტიან გეგმას სთავაზობენ.

განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს 73 არასამთავრობო ორგანიზაცია და კერძო პირები, უცვლელად გთავაზობთ:

„გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ღრმა ინსტიტუციური კრიზისის გამო.

მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა მაშინ, როცა მოქალაქეები ყოველწლიურად სულ უფრო მზარდ თანხას იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაში.

სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ როლსა და წარმოადგენს ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელ მედიაორგანიზაციას.

ვაცნობიერებთ რა, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლისა და ფუნქციის მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხელმომწერი პირები ვაანონსებთ მოძრაობას საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისთვის და გთავაზობთ ექვსპუნქტიან გეგმას, რომლის ფარგლებშიც მოვითხოვთ:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას – საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამოსწორება საჭიროებს შესაბამის პოლიტიკურ ნებასა და გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რომ გავაცნოთ ჩვენი მოთხოვნები, შეხედულებები და ვიმსჯელოთ გამოსავლის გზებზე.

2. საქართველოს პარლამენტში სამეურვეო საბჭოს წევრებისა და გენერალური დირექტორის დაბარებას – კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა, თუ რამდენად ასრულებს მაუწყებელი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;

3. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას – ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის პერიოდთან და უშუალოდ მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი თანმიმდევრული და სადაო გადაწყვეტილებები. მათ შორის, მაუწყებლის რეფორმის ბუნდოვანი გეგმა, გაუმჭვირვალე საკადრო პოლიტიკა, რაც გამოიხატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის კუთვნილი ტელევიზიიდან ჟურნალისტების უკონკურსოდ დანიშვნაში, საეჭვო ტენდერები, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა, ხელისუფლების მიმართ ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა, ევროპის ბიუროს დახურვა და ა.შ. ვასილ მაღლაფერიძის სახელს უკავშირდება ასევე მწერალ ზვიად რატიანის გახმაურებული საქმე, სადაც მაუწყებელმა უხეშად დაარღვია საყოველთაოდ აღიარებული ეთიკური სტანდარტები და გაავრცელა კონტექსტიდან ამოვარდნილი დამონტაჟებული ვიდეო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს ემსახურებოდა.

4. საზოგადოებრივი მაუწყებლის არაგეგმური აუდიტის ჩატარებას, რომელიც შეისწავლის ახალი მენეჯმენტის საქმიანობას 2017 წლის პერიოდში – აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულმა შესაბამისობის ანგარიშმა, რომელიც 2015-2016 წლების პერიოდს მოიცავს გამოავლინა მნიშვნელოვანი ფინანსური და მმართველობითი დარღვევები, რომელიც ემთხვევა სამოქალაქო სექტორის შეფასებებს. ვინაიდან ახალი მენეჯმენტის მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილებები დასაბუთებული კრიტიკის ობიექტი გახდა, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, არაგეგმიური აუდიტი ჩატარდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში და შესწავლილ იქნას გასული წლის საქმიანობა.

5. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას, მათ შორის საზოგადოებრივი საბჭოს ინსტიტუციური ფორმირების წესის შესაძლო გადახედვას და საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების ცვლილებას – სამეურვეო საბჭოსა და მისი საქმიანობის არსებული წესი ცალსახად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი. შესაბამისად, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენისგან დაცვისა და ეფექტური და ანგარიშვალდებული საბჭოს ფორმირების მიზნით, აუცილებელია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სამეურვეო საბჭოს წევრების კვოტირებისა და არჩევის უკეთესი მოდელის შესაქმნელად.

6. არ დაძლიოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხება – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ინიცირებული ცვლილებები ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯაროობას, გამჭვირვალობას, ზრდის კორუფციის რისკებს და მნიშვნელოვნად ვნებს სარეკლამო ბაზარს. შესაბამისად, პარლამენტმა არ უნდა დაძლიოს ვეტო და სამოქალაქო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად დაიწყოს მუშაობა იმ ცვლილებებზე, რომლებიც რეალურად საჭიროა მაუწყებლის რეფორმირებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.