არასამთავრობოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სახე საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს
არასამთავრობოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სახე საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მმართველი გუნდის მიერ საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას და ეს პროცესი განცხადებით არ უნდა შემოიფარგლოს.

მათივე თქმით, გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას საგანგებო სტრუქტურა ხელისუფლებაში, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს.

„დღეს ჩვენ ვაპირებდით, გაგვევრცელებინა განცხადება და მოგვეწოდებინა ხელისუფლებისთვის, რომ დაეწყოთ განაცხადზე მუშაობა. მისასალმებელია, რომ ამგვარი გადაწყვეტილება გუშინ თავად მიიღეს და იმედი გვაქვს, დღესვე გაგზავნიან ამ განაცხადს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის იმ დიდ გზაზე, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ ნაბიჯს მივესალმებით. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის რთული გზის დასაწყისი. ამ გზაზე ერთად უნდა გავიაროთ მთელმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველომ, რომელმაც რეგრესი განიცადა ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, სწორედ პირველ რიგში ამ რეფორმებს უნდა მიხედონ. ჩვენი ევროპელი მეგობრებიც ამას გვეტყვიან, თუ ისინი მზად იქნებიან, სერიოზულად განიხილონ ეს განაცხადი.

ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას. რეფორმების ნაწილია, რომელიც ქვეყანას აუცილებლად დასჭირდება ევროინტეგრაციის გზაზე. საკმაოდ მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ამ შეთანხმებაში. ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინასთან ხელისუფლების მხრიდან ურთიერთობის სასწრაფოდ გამოსწორება. ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა მხარდაჭერა და სოლიდარობა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ასეთი ნათელი მესიჯი არ ყოფილა და შედეგიც ვიცით. ჩვენ თუ განაცხადს ვაკეთებთ და ამ გზაზე ვდგებით, ეს უნდა გააკეთონ ერთად ე.წ. ტრიომ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ. სამივე ვართ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, სამივე ქვეყანას გვაქვს ოკუპირებული მიწები და ერთად უნდა მივმართოთ ევროკავშირს, რომ მზად იყოს, მიგვიღოს და მოგვცეს წევრობა. ევროკავშირის წევრობა  არ იქნება ერთი და ორი დღის ამბავი, ეს იქნება გრძელი გზა, გრძელი გზა რეფორმებისა, გრძელი გზა განვითარებისა.

საჭიროა, შეიქმნას საგანგებო სტრუქტურა ხელისუფლებაში, რომელიც ამ თემაზე იმუშავებს. მიგვაჩნია, რომ ყველაზე მისაღებია, ამ პროცესის სახე გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. შესაძლოა, მისმა ოფისმა სრულად ვერ წარმართოს ეს საქმიანობა, მაგრამ სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შექმნილი საგანგებო სტრუქტურა უნდა დაეხმაროს პრეზიდენტს ამ ფუნქციის განხორციელებაში. ყველას გვესმის კარგად, რომ ჩვენი პრეზიდენტი დღეისთვის ყველაზე უფრო მისაღები ფიგურაა საქართველოს ხელისუფლებიდან ევროპისთვის. მინდა, გამოვუცხადო სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, რომელიც თავისი სისხლით იბრძვის თავისუფლებისთვის დემოკრატიისთვის და ევროპული არჩევანისთვის. მინდა გამოვხატო იმედი, რომ ცივილიზებული სამყარო არ მისცემს პუტინის იმის საშუალებას, რომ სრულად გაანადგუროს ეს ქვეყანა. ეს გზა ყველამ ერთად უნდა გავიაროთ და დიდი იმედი მაქვს ევროპა სერიოზულად მიუდგება ჩვენს განაცხადს. მინდა მივმართო პოლიტიკურ ოპოზიციასაც, ეს არის მთელი საქართველოს არჩევანი, ამიტომ პოლიტიკური ოპოზიციაც ამ პროცესში ჩვენი აზრით აქტიურად და ინტენსიურად უნდა ჩაერთოს“, – განაცხადა „ღია საზოგადოების ფონდი“ დირექტორმა,  ქეთი ხუციშვილმა.