არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ქალთა და მამაკაცთა თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას
არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ქალთა და მამაკაცთა თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, პლენარულ განხილვაზე მხარი დაუჭიროს 37,455 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიზანიც ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფაა.

როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს აძლევს ისტორიულ შანსს, ხელი შეუწყოს ქალთა მონაწილეობის ზრდას.

მათი განცხადებით, მისასალმებელია, რომ საკომიტეტო განხილვის ეტაპზე კანონპროექტს მხარი დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული განვითარების კომიტეტებმა.

როგორც სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ აღნიშნა, ქალთა წარმომადგენლობის ზრდა პოლიტიკურ პროცესებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მხრივ, სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი სახარბიელო ვითარება არ არის, როგორიც უნდა იყოს.

„მისასალმებელია ის, რომ სამმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით, მაგრამ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ეს პროცესი დაიძრას და მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე. ქალთა წარმომადგენლობის ზრდა პოლიტიკურ პროცესებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მხრივ, სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი სახარბიელო ვითარება არ არის, როგორიც უნდა იყოს. დროებითი გენდერული კვოტირების ზომა ხელს შეუწყობს იმას, რომ რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას უთანასწორობა და უფრო მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში წარმოდგენილი“,- განაცხადა ბენიძემ.

განცხადებას ხელს აწერს 100 არასამთავრობო ორგანიზაცია მათ შორის „სამართლიანი არჩევნები“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ქალთა ფონდი საქართველოში“, კავშირი “საფარი” და სხვ.

2017 წლის 12 ივნისს, 37,455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიული სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი.

შემოთავაზებული მოდელი გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა მინიმუმ 26% იქნება.