არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებული თანხების ნაწილი იმ ადგილებში უნდა დარჩეს, სადაც ენერგოობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს
არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებული თანხების ნაწილი იმ ადგილებში უნდა დარჩეს, სადაც ენერგოობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება მოამზადეს. განცხადებას 20-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს ხელს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ენერგოსფეროს სპეციალისტებმა, ხელისუფლებამ და მედიამ საზოგადოებას მაქსიმალურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რათა მოსახლეობამ გაიაზროს, რომ ჰესების მშენებლობა აუცილებელია.

„ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სწრაფად განვითარების ტოლფასია. ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისთვის გაცილებით სწრაფი ტემპი სჭირდება, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, კავკასიის რეგიონში ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყანა გახდეს. ეს შესაძლებელია – ამას მსოფლიო ბანკის კვლევებიც ადასტურებს. დღეს, მზარდი ენერგომოხმარების პირობებში, არ უნდა ვსაუბრობდეთ ენერგოობიექტების აშენება-არაშენებაზე, რადგან არაშენება და არგაკეთება მხოლოდ საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილი ძალების (ქვეყნების) ინტერესშია და პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. დღეს ჩვენ უკეთ შენებაზე, უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებსა და გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ამაში ვხარჯავდეთ ჩვენს ენერგიასა და რესურსებს. არავინ არის მომხრე, რომ ენერგორესურსების ათვისება ეკოლოგიური წესებისა და ნორმების დარღვევით მოხდეს. მიგვაჩნია, რომ ყველა ნორმა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ჰესები სწორედ ასე უნდა ვაშენოთ და ამას ალტერნატივა არ აქვს. იმ გზას, რაც წინა საუკუნეში გაიარა ევროპამ, იაპონიამ, შეერთებულმა შტატებმა, ჩვენ ახლა გავდივართ. მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, ყველაზე უსაფრთხო და გარემოსთვის მინიმალური ზიანის მომტანია, საყოველთაოდ აპრობირებული და აღიარებულია, როგორც ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, განახლებადი და მწვანე წყარო. მიგვაჩნია, რომ მოსახლეობის ყველა ფენას უნდა დავეხმაროთ გააცნობიერონ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, კერძოდ ის, რომ მცირე ჰესების მშენებლობაზე უარის თქმა, პროგრესზე, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაზე, ქვეყნის სტაბილურობასა და ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე უარის თქმის ტოლფასია. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებული თანხების უდიდესი ნაწილი, სხვადასხვა რეგიონში, იმ ადგილობრივ მოსახლეობას, თემებსა და სოფლებს დარჩეს, სადაც ენერგოობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს და ეს თანხა სწორედ მათ განვითარებას მოხმარდეს. ამით ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობისა და სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებას გაეწევა სუბსიდირება. სოციალურ პასუხისმგებლობასა და ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრაზე ინვესტორიც არ დაიხევს უკან. მიგვაჩნია, რომ ამ მიზნით მოსახლეობასთან, თითოეულ ოჯახთან კონსტრუქციული დიალოგი და მჭიდრო კომუნიკაციაა საჭირო – ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ვფიქრობთ, არც მოსახლეობა იტყვის უარს მსგავსი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ უკეთ შენებაზე, მაღალი სტანდარტების დაწესებასა და გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირებაზე აქტიურად ვმუშაობთ და მივესალმებით ყველა კონსტრუქციულ წინადადებას. ამ პროცესში მოსახლეობის, მთელი საზოგადოების თანადგომისა და მედიის მიუკერძოებლობის იმედი გვაქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: გიორგი ჩიქოვანი – ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე – ასოციაციის (GREDA) გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი – ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ღონღაძე – „სილქ როუდ ენერჯი“ ტატო ცინცაძე – „ჯორჯია ჰიდრო“ პაატა ცინცაძე – „ჰიდროენერგო კორპორაცია“ თორნიკე ბახტურიძე – „უსასრულო ენერგია“ ზურაბ ხუციშვილი – GRPC სოფიო ნატროშვილი – GRPC მიხეილ მიქელაძე დავით მირცხულავა – ააიპ „მაღალი კაშხლების საქართველოს ეროვნული კომიტეტი“ ელენე ღუბიანურინამახვანჰესი დიმიტრი მინდიაშვილი – „ენკა“ ლაშა იორდანიშვილი – კომპანია „ფერი“ ანდრო ბრეგვაძე – „არაგვიენერჯი“ ტარას ნიჟარაძე – „არაგვიენერჯი“ ივანე მარტიაშვილი – „ჰიდროენერგია“ არჩილ ძნელაძე – „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი“ ბინ რენი – “აღმოსავლეთის ენერგო კორპორაცია” თეა ჯოხაძე – “აღმოსავლეთის ენერგო კორპორაცია” სანდრო ძნელაძე – „ტესლა“.