არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულების ანგარიში წარადგინეს
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულების ანგარიში წარადგინეს

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულების ანგარიშის თანახმად, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს, სრულად შესრულდა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ზომების მიღების თვალსაზრისით დასახული ამოცანა. ამ მხრივ, გაძლიერდა კანონის აღსრულების მექანიზმი და ამაღლდა მოსახლეობის ცნობიერება.

ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ ანგარიში დღეს ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველომ“ და მისმა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს. შედეგები 2017-2020 წლების დღის წესრიგში განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების ანალიზს მოიცავს.

ანგარიშში შეფასებულია ცალკეული სფეროები – ბავშვთა უფლებები, თანასწორი მოპყრობა გენდერული ნიშნით, გარემოს დაცვა, ანტიკორუფციული და საჯარო სამსახური, მართლმსაჯულება და შრომითი სტანდარტი.

ანგარიშის თანახმად, ნაწილობრივ შესრულდა ამოცანები გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებებით. ასევე წინსვლაა შრომითი უსაფრთხოების კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, არ შესრულდა იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული აქტივობები და მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი კვლავ არ აკმაყოფილებს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ სტანდარტს.

ასევე ანგარიშში განხილულია ბავშვთა უსაფრთხოების საკითხი და მითითებულია, რომ ამ მიმართულებით სახალხო დამცველის როლი გაძლიერდა, თუმცა პრობლემად რჩება ძალადობის პრევენცია და რეაგირება პრაქტიკაში.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ პროგრამების მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, ანგარიშზე მომუშავე ჯგუფმა ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციები უკვე მიაწოდა.

„ზოგადად, ამ პროცესს ფონდი და პარტნიორი არასამთავრობოები მას შემდეგ აკვირდებიან, რაც ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევიდა. ჩვენ პოლიტიკური ნაწილის მონიტორინგს ვახორციელებთ. შეფასების მიხედვით, ზოგადი პროგრესი არათანაბარია: არის სფეროები, სადაც მეტი პროგრესია, ასევე სფეროები, სადაც პროგრესი უფრო ნაკლებია. არის კონკრეტული აქტივობები, რომლებიც ნაწილობრივ შესრულდა, არ შესრულდა, ან სრულად შესრულდა“, – განაცხადა ჩხიკვაძემ.

მისი თქმით, განსაკუთრებით პრობლემებია მართლმსაჯულების სფეროს მხრივ, შედარებით ნაკლები პრობლემა კი, თანასწორობისა და შრომითი უსაფრთხოების ნაწილში.

„ცალსახად იმის თქმა, რომ საერთოდ არაფერი შესრულდა, შეუძლებელია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად შესრულდა“, – განაცხადა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ პროგრამების მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ.

დატოვე კომენტარი