არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შს სამინისტროს შენობა დატოვეს
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შს სამინისტროს შენობა დატოვეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვეს. მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, მათ მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი შეხვდა.  შეხვედრის მიზანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება იყო.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრა კონსტრუქციული იყო და იმედი გამოთქვა, რომ შსს გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს.

„ მათ არ ჰქონდათ უფლება საიდუმლო მოეწოდებინათ ჩვენთვის, მაგრამ მთავარი, რაც ჩვენ გავიგეთ ამ შეხვედრის შემდეგ არის ის, რომ მათი დიდი სურვილია, ეს საქმე გამოძიებული იქნას და დადგინდეს ყველა ის პირი, რომელიც ერთის მხრივ, ჩართული იყო მკვლელობაში და მეორეს მხრივ, გავლენას ახდენდა გამოძიებაზე. დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა წუხილები აქვს ზაზა სარალიძეს. ამავდროულად, ვისაუბრეთ, რა კითხვები არსებობს საზოგადოებაში ამ გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა, გვაქვს  იმედი, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლომდე მიიყვანს გამოძიებას”,-განაცხადა ეკა გიგაურმა.

საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებები გონივრულად მცირე ვადებში უნდა იქნეს მიღებული და საკითხი ქუჩაში არ უნდა გადაწყდეს.

„შეხვედრის დროს დავსვით რიგი კითხვები, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე დახურულია და ბევრ დეტალზე არ არის წვდომა, ბუნებრივია, მათი მხრიდან გარკვეული ინფორმაციის მიღება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათივე განცხადებით, მუშაობს ყველა მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არის გამორიცხული ახალი დეტალების გამოკვეთა, მათ შორის გამოძიების წარმოების დროს გარკვეული ხარვეზები, თუმცა ამ საქმეზე არ არის ისეთი დროის ლიმიტი, რომ განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს.  საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს გონივრულად მცირე დროის მონაკვეთში. ჩემი მოლოდინი არის, რომ საკითხი  გადაწყდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში და სასამართლოში, სხვა უწყებებში – არა, და მით უმეტეს, ეს საკითხი არ უნდა გადაწყდეს ქუჩაში. ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩაში პროტესტის გამოხატვას რაიმე ფორმით ვეწინააღმდეგები. უბრალოდ, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა შეიძლება მხოლოდ ამ შენობაში, პროკურატურაში და სასამართლოში”,-განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.