არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 10 მომდევნო ნაბიჯს სთავაზობენ
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 10 მომდევნო ნაბიჯს სთავაზობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 10 მომდევნო ნაბიჯს სთავაზობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული სამოქმედო გეგმის ძირითადი ნაწილები მოიცავს: ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას, შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს, დიპლომატიური ძალისხმევის გაწევას, ევროპის კავშირში გაწევრიანების საბჭოს შექმნას, შიდა და საგარეო კომუნიკაციის წარმოებას.

მათი თქმით, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და წევრობა საქართველოსთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური სიკეთეების და უსაფრთხოების გაძლიერების წინაპირობებს შექმნის. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპეიზაციის პროცესის უპირობო მნიშვნელობა აჩვენა, არა მხოლოდ პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური განვითარების მნიშვნელობით, არამედ საქართველოს უსაფრთხოების კუთხითაც.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ხელისუფლების როლი გადამწყვეტია. მათი განცხადებით, ისინი მზად არიან აღნიშნულ პროცესში ჩაერთონ და ხელისუფლებას შემდგომი ათი ნაბიჯის გადადგმას სთავაზობენ:

  1. შეიმუშაოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული სტრატეგია და შექმნას მისი მონიტორინგის ქმედითი მექანიზმი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი;
  2. განახორციელოს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებით „მომავლის გზა საქართველოსთვის“ (ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება) გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმები;
  3. გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველო-ევროპის კავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის დროულად მისაღებად და დაიწყოს მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია;
  4. გაწიოს სათანადო დიპლომატიური ძალისხმევა, ევროკომისიის მხრიდან ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის მიღების დასაჩქარებლად;
  5. მობილიზება გაუკეთოს შესაბამის ადამიანურ, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს (მათ შორის შექმნას შესაბამისი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი და/ან შესაბამისი უწყება), რათა მოხდეს კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის დროული და სრულყოფილი შევსება და ევროპის კავშირისთვის წარდგენა;
  6. ახალი რეალობის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულებაში, გაააქტიუროს და უფრო ეფექტიანი გახადოს მისი მუშაობა, რაც კითხვარზე პასუხების მომზადების პროცესში სამუშაო ჯგუფების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს;
  7. გახადოს პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური. ჩამოაყალიბოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სფეროს ექსპერტები და ექნება საკონსულტაციო ორგანოს სტატუსი. საბჭო ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს;
  8. განიხილოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების, იურიდიული და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეების, ასევე ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პოსტების ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ დაკავების შესაძლებლობა, რათა გაიზარდოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობა;
  9. პეტრას ციხის (ასოცირების ტრიო – მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) დეკლარაციის შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა ერთი მხრივ გაძლიერდეს ტრიოს თანამშრომლობის ფორმატი, დარეგულირდეს ურთიერთობები უკრაინასთან და მეორე მხრივ, ჩამოყალიბდეს ტრიოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი სამიტი;
  10. უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესთან დაკავშირებული მოლოდინის მართვა და აწარმოოს შესაბამისი შიდა და საგარეო კომუნიკაცია.

განცხადებას ხელს აწერს 31 არასამთავრობო ორგანიზაცია.