არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უწყებათაშორის კომისიას უნდობლობას უცხადებს
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უწყებათაშორის კომისიას უნდობლობას უცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და საია უწყებათაშორის კომისიას უნდობლობას უცხადებენ.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა, უწყებათაშორისი კომისიის პლატფორმა მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დარღვევებზე კონტროლის მექანიზმი.

„სამწუხაროდ, ეს პლატფორმა გადაიქცა ეგზოტიკურ პროცესად, რომლის განმავლობაში ხდება არა დარღვევების განხილვა, არამედ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმა და პოლიტგანცხადებებისა არაპროფესიონალური დისკუსიების ფორმატად იქცა. წელს ჩავთვალეთ, რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენი წარმომადგენლისთვის ხშირად ხდებოდა შეურაცხყოფის მიყენება და სტრესულ პირობებში ჩაყენება, ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელება არ იყო მისასალმებელი. ამიტომ არ დავსწრებივართ კომისიის სხდომებს. ოფიციალურად არ დაგვიტოვებია. წერილით არ მიგვიმართავს, მაგრამ არ ვესწრებით კომისიის სხდომებს“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ამასთან, უწყებათაშორისი კომისიის ბოიკოტირებას არ გამორიცხავს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილიც.

„ჩვენ ვიყავით წინა სხდომაზე და ჯერ ვრჩებით კომისიის მუშაობაში. მაგალითად, ტელეფონები არ შეგვატანინეს სხდომაზე და ვფიქრობთ, ეს გაუმართლებელი იყო. თუ მსგავსი ტიპის გამოხტომები და არაკონსტრუქციული გარემოს შექმნა გაგრძელდა, ამ შემთხვევაში უკვე ვიფიქრებთ, რომ დავტოვოთ კომისიის სხდომები და აღარ მივიღოთ მონაწილეობა. ამ ეტაპზე არ გვქონია კონსულტაციები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. თუ საჭიროდ ჩავთვლით, რომ ეს პრობლემები კომისიის მუშაობაში იმდენად მძიმეა, რომ აზრი არ აქვს კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, ამ შემთხვევაში, დავტოვებთ. ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული. ვისაუბრებთ ამ თემაზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

7 სექტემბერს უწყებათაშორისი კომისიის წევრებს სხდომაზე მობილური ტელეფონის გამოყენება აეკრძალათ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მათ სხდომამდე შეიტყეს, როდესაც უსაფრთხოების კონტროლის გავლისას ტელეფონები დაატოვებინეს.