არასამთავრობო ორგანიზაციები - მოსამართლეთა შესარჩევმა კონკურსმა ხარვეზებით ჩაიარა
არასამთავრობო ორგანიზაციები - მოსამართლეთა შესარჩევმა კონკურსმა ხარვეზებით ჩაიარა

არასამთავრობო ორგანიზაციები – „საერთაშორსო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ იუსტიციის საბჭოს მიერ ჩატარებული მოსამართლეთა კონკურსის შესახებ ანგარიშსს აქვეყნებენ.

ანგარიშში არასამთავრობო ორგანიზაციები ხარვეზებზე საუბრობენ, ასევე აქცენს აკეთებენ ნეპოტიმიზე, განსხვავბული აზრის დევნასა და გაუმჭვირვალე გასაუბრების პროცესზე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული,  ნეგატიურად უნდა შეფასდეს კანდიდატების დიდი ნაწილის მიერ გასაუბრების ეტაპის დახურვა კონკურსის ფარგლებში,.

„განსაკუთრებით პრობლემური იყო ის ფაქტი, რომ 28 კანდიდატმა გასაუბრების დახურულ ფორმატში ჩატარება მოითხოვა. მათგან 14 მოსამართლედ დაინიშნა (5 მსმენელი და 9 მოქმედი მოსამართლე). უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე, როგორც წესი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჰქონდათ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, რაც კონკურსის ერთადერთ ღია ეტაპს წარმოადგენდა. მოცემულ კონკურსში, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის კონკურსანტის მიერ გასაუბრების დახურულ ფორმატში წარმართვა უარყოფით ტენდენციაზე მიუთითებს, რაც მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უფრო მეტად დახურულს ხდის და მის მიმართ საზოგადოების სანდოობას კიდევ უფრო ამცირებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად,  მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას გამოიკვეთა, რომ კანდიდატების დიდი ნაწილის კვალიფიკაციის დონე შეუსაბამო იყო მოსამართლის მაღალ თანამდებობასთან.

„გასაუბრების ეტაპზე გამოვლინდა ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების მიერ პრეცენდენტული სამართლის როგორც ცოდნის, ისე მისი გამოყენების პრობლემა. ასევე, უმეტეს შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულების ცოდნა ამ მიმართულებით, რაც იმაზე შეიძლება მიუთითებდეს რომ სკოლაში არასათანადო ყურადღება ექცევა ადამიანის უფლებებისა და პრეცენდენტული სამართლის სწავლებას. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილის არადამაკმაყოფილებელი კვალიფიკაციის დონე იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ, საბჭომ შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოსამართლეობის  კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება დახურულ სხდომაზე; გასაუბრების ეტაპის ღია სხდომაზე ჩატარების წესი განისაზღვროს კანონის დონეზე.

„დროულად დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეული რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სკოლის სათანადო დამოუკიდებლობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან, ისე მაღალკვალიფიციური მოსამართლეობის კანდიდატების მომზადებას. მოსამართლედ გამწესებაზე უარის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება კანონით განისაზღვროს ყველა კანდიდატისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც კენჭისყრის ეტაპზე გადავა“, – ნათქვამია ანგარიშში.