არასამთავრობო ორგანიზაცია „დავასრულოთ“ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „დავასრულოთ“ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „დავასრულოთ“ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.

როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოსო მანჯავიძე აცხადებს, ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, ის აპირებს, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას, რათა საკონსტიტუციო სასამართლოოში პარტიის წინააღმდეგ სარჩელი შევიდეს.

მისი თქმით, საქმე ეხება ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშულებრივი ქმედებების გამო, უნდა აიკრძალოს.

„შევადგინეთ პეტიცია „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ. პოლიტიკური პარტიის აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს. გაწერილია ის შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ამის გაკეთება შეუძლია. ერთ-ერთ ჩამონათვალში არის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. რაც შეეხება იმას, თუ ვის შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრთა შემადგენლობის ერთი მეხუთედი და საქართველოს მთავრობა.

ავირჩიეთ გზა, მიგვემართა საქართველოს მთავრობისთვის. არსებობს 245-ე დადგენილება. ეს დადგენილება ეხება პეტიციების დადგების წესს. იმ შემთხვევაში, თუ 10 000 ელექტრონული ხელმოწერა აიტვირთება სამთავრობო პეტიციების საიტზე, კომისია განიხილავს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას სხდომაზე განსახილველად, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობა მიმართავს ან არ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს.

ამ გზით ვერ წავედით, რადგან ჩვენი პეტიცია ვერ აიტვირთა ამ საიტზე, ამიტომ დავდეთ მანიფესტ.ჯიზე და რამდენიმე დღეა, ვაგროვებთ ხელმოწერებს. საკმაოდ აქტიურად გროვდება ხელმოწერები. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ჩვენ სამივე ვარიანტს გამოვიყენებთ, რათა საკონსტიტუციო სასამართლოში ეს საკითხი დაიძრას. ეს არ არის დაკავშირებული არჩევნებთან. თვითონ საკითხის პროცედურა გაცილებით შორს მიდის, ვიდრე არჩევნების თარიღია. პეტიცია ატვირთულია მანიფესტ.ჯიზე და საჭიროა 50 000 ხმა. კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ – 36-ე მუხლი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და დარღვევისკენ მიმართული ქმედება, პეტიციაში ამაზეა ლაპარაკი. ლაპარაკია დავით გარეჯის საქმეზე, ბრმა უნდა იყოს ადამიანი, ვერ მიხვდეს, რაშია საქმე.

კიდევ ბევრი რამ უნდა გაირკვეს ამ საკითხზე. დავით გარეჯის საქმე თითოეული ქართველისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია, ჩვენი იერუსალიმია. 2006-2007 წლებში დავინახეთ, რომ უდაბნო და ჩიჩხუტური არათუ სადავო გახდა, არამედ იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ. ბუნებრივია, აზერბაიჯანი საქართველოს მიმართ კეთილმეზობლურადაა განწყობილი და შეთანხმების გარეშე არ წამოვიდოდა გამწვავებაზე. იყო შეთანხმება, რაც ფიქსირდება დოკუმენტებით. ეს ღალატი არ არის იზოლირებული, ეს იყო პოლიტიკის ნაწილი.
რაც შეეხება საფრთხეებს, საფრთხე ის არის, რომ ადამიანები როცა ხედავენ, რომ დამნაშავე არ დაისაჯა, ავტომატურად ფიქრობენ, რომ დანაშაული არ ყოფილა და დამნაშავის მიმართ სიმპატია უჩნდებათ“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

სოსო მანჯავიძის განმარტებით, არჩევნების შემდეგ აღნიშნული პეტიციით მიმართავენ პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, რათა „საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მავნებლების პარპაში აიკრძალოს“.