არარეზიდენტი პირები საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას შეძლებენ
არარეზიდენტი პირები საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას შეძლებენ

მთავრობის მიზანია, საქართველო რეგიონული ფინანსური ცენტრი გახდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა ინიციატივა, რომელიც არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციის შემოღებას გულისხმობს. აღნიშნული პროცესი საშუალებას მისცემს უცხოელ იურიდიულ პირებს გახდნენ საქართველოს ელექტრონული რეზიდენტები და ამავდროულად, დაარეგისტრირონ კომპანია საქართველოში, შესაბამისად, გახსნან ანგარიშები ქართულ ბანკებში.

„მათ შეეძლებათ ონლაინ მართონ საქართველოში რეგისტრირებული კომპანია. პიროვნების რეგისტრაცია და მეწარმის რეგისტრაცია იქნება ერთი პროცესი. ფინანსური სექტორის განვითარებისთვის ამ ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება სამეწარმეო რეესტრის სისტემების დაკავშირება სხვა სისტემებთან. ჩვენი სამეწარმეო სისტემების ინტეგრაცია სხვა სისტემებთან, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ქვეყანას, რადგან გაიზრდება ფინანსური მომსახურების სექტორი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველოში კომპანიის რეგისტრაციისას, შესაძლებელი იქნება გაიხსნას პარალელური კომპანია სხვა ქვეყანაში, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყანაში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციას როგორც ევროპის, ისე მსოფლიო ბაზრებთან. ფინანსური მომსახურების სექტორის ზრდა კი, საქართველოს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

ამასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს ახალი საგადასახადო ინიციატივები, გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის შემოღებასა და  არამეწარმე ფიზიკური პირის წარმოებული საქონლის რეალიზაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივებით, უკვე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებთან ერთად, შეიქმნება ის აუცილებელი ეკონომიკური სინერგია, რომელიც არა მარტო საქართველოს მოქალაქეებზე აისახება დადებითად, არამედ რეგიონული თვალსაზრისით, კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს როლს.