სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული საკმაოდ რთული მდგომარეობის მიუხედავად, სეზონი მაინც განაახლეს. მე-18 ტურში ერევნის „არარატმა“ საკუთარ მოედანზე „ურარტუს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი ქართველმა ნახევარმცველმა დავით ხურციძემ გაიტანა, რომელიც გუნდის კაპიტანია. მან მეტოქის კარი 54-ე წუთზე აიღო. ხურციძემ „არარატში“ ჩატარებულ 17 შეხვედრაში თავი მეოთხედ გამოიჩინა. ის რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ საქართველოშიც უთამაშია – ორჯერ ქუთაისის „ტორპედოში“ ჩაირიცხა, თუმცა მცირე ხნით და ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
18 ტურის შემდეგ „არარატმა“ 31 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ „არარატში“ კიდევ ორი ქართველი თამაშობს – ნახევარმცველი ზურაბ არზიანი და თავდამსხმელი გიორგი ჭელიძე, რომელიც ასევე რუსეთის მოქალაქეა. გუნდის მთავარი მწვრთნელი კი რუსეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი იგორ კოლივანოვია.