„დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი - ქართველები სომეხ ფეხბურთელებზე მეტს დარბიან, მაგრამ ტემპის პრობლემა აქვთ #1TVSPORT
„დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი - ქართველები სომეხ ფეხბურთელებზე მეტს დარბიან, მაგრამ ტემპის პრობლემა აქვთ #1TVSPORT

სერგეი ბოიკო ამჟამად ვლადივოსტოკის „დინამოს“ მწვრთნელია. 17 წლის განმავლობაში მუშაობდა რუსულ კლუბებში, ასევე წვრთნიდა საზღვარგარეთ – ხელმძღვანელობდა ერევნის „არარატს“, ხოლო გასულ სეზონში „დინამო თბილისში“ მუშაობდა.

Sport24-ის ჟურნალისტ ტიგრან არუთინიანთან ინტერვიუში სერგეი ბოიკომ საქართველოში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა:

– ქართველ ფეხბურთელებს ჭარბი წონის გამო ხშირად აკრიტიკებენ. სომხებიც ასე არიან?

– ვფიქრობ, ვარჯიშის შემდეგ მწვადის ჭამა ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია, აქ არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ „არარატში“ ასეთი რამ არ ხდებოდა. ყველა სომეხი ფეხბურთელი ინარჩუნებდა თავს კარგ ფორმაში, ჭარბი წონის პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ გვყავდა ერთი რუსი ფეხბურთელი, რომელსაც წონის პრობლემები სულ ჰქონდა.

– „არარატის“ შემდეგ „დინამო თბილისის“ სამწვრთნელო შტაბში მოხვდით

– გუნდს 2021 წელს ცნობილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე ხელმძღვანელობდა. „დინამომ“ სამწვრთნელო შტაბში შესვლა მთხოვა და მე დავთანხმდი. 14 ტური ერთად გავატარეთ, შემდეგ ვლადივოსტოკში წავედი. მე რომ წავედი, გუნდი პირველ ადგილზე იყო, პირველ ადგილს ბათუმის „დინამოსთან“ ვინაწილებდით და სუპერთასი მოვიგეთ. ახლა კი ბათუმი ჩემპიონია.

– როგორ მოგწონთ საქართველო ყოველდღიურობის მხრივ?

– ჩემდამი შესანიშნავი დამოკიდებულება ჰქონდათ, ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემები არ ყოფილა. თუმცა მაშინ იყო პოზნერის შემთხვევა, როცა ის საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და სასტუმროს კვერცხები დაუშინეს, ქუჩებში საპროტესტო აქციები იყო. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ საქართველოდან წავსულიყავი, ორი კვირის შემდეგ კი ვლადივოსტოკის „დინამოში“ მიმიწვიეს.

– ახლა საქართველოში რუსულად საუბრობენ?

– რა თქმა უნდა, გუნდში რუსულად ბევრი საუბრობდა, ბევრიც – ინგლისურად. გუნდში ოფიციალური თარჯიმნები არ არიან, რადგან უფროს თაობაში რუსული ყველამ იცის, მაგრამ ქართველი ახალგაზრდები ქართულად და ინგლისურად საუბრობენ, რუსული კი მათი მესამე ენაა. აბსოლუტურად ნორმალურად ურთიერთობენ, ამიტომ ენობრივი პრობლემა არ იყო. გუნდში ყველა უცხოელი საუბრობდა ინგლისურად, მაგრამ იქ არ იციან ჩვენსავით შეცდომების შესწორება, ყველას ესმის და ყველაფერი კარგადაა. ჩვენი ფორვარდი სეკუ კეიტა სულ ექვს ენაზე საუბრობდა. ამიტომ, ამ მხრივ, ძალიან სასარგებლო სამწვრთნელო გამოცდილება მივიღე. ჩემპიონატი ორიგინალური, მაგრამ საინტერესოა, თავისებური.

– რა გაგებით არის თავისებური?

– ნელა თამაშობენ.

– რომელ ჩემპიონატს შეადარებდით?

– სომხეთის. საქართველოში კარგი ხარისხის ფეხბურთელები არიან, ბევრი ღირსეული ლეგიონერია, მაგრამ თავად ფეხბურთი ნელია. ისინი არ ჩქარობენ და ამ სიტუაციის შეცვლა ძალიან რთულია.

– ამავდროულად, ამბობთ, რომ სომეხ ფეხბურთელებზე ნაკლებად ზარმაცები არიან?

– მოცულობით უფრო მეტს დარბიან, მაგრამ პრობლემა მაღალ სიჩქარეზე მუშაობაშია. ქართველებს სპრინტებსა და აჩქარებებში პრობლემები აქვთ, მაგრამ, ამავდროულად, გუნდი კარგია, სოლიდური, კარგი დაფინანსებით. ბათუმში ახლა მაგარი სტადიონი აშენდა, კარგი მოედნით. თუ ვინმეს არ უყვარს ფრენა ან ხანგრძლივი მოგზაურობა, მაშინ (სამუშაოდ ან სათამაშოდ) აუცილებლად უნდა წავიდეს საქართველოში ან სომხეთში. ყველგან ავტობუსით მიდიხარ, მატჩების ნახევარი კი დედაქალაქებში ტარდება, თბილისის და ერევნის 5-6 გუნდია. ეს არ არის რუსეთის პრემიერლიგა.

– ამ ქვეყნების კლუბების დაფინანსების მხრივ ყველაფერი რიგზეა?

– სომხეთში არანაირი პრობლემა არ ყოფილა. საქართველოშიც ჩემთან იყო ყველაფერი კარგად, მაგრამ ახლა ბიჭები მირეკავენ და ამბობენ, რომ ორი თვეა ხელფასს არ უხდიან.

– „დინამო“ სახელმწიფო კლუბია თუ კერძო?

– კერძო, იქ სახელმწიფო კლუბი არ არსებობს, მხოლოდ კერძო კლუბებია.

– საქართველოში პრობლემები არ ყოფილა იმის გამო, რომ რუსი ხართ?

– მოხდა ისე, რომ აბსოლუტურად გულგრილი ვარ ალკოჰოლისა და ხორცის მიმართ, რაც საქართველოსთვის დანაშაულია. ყოველთვის მეპატიჟებიან მათთან ერთად საჭმელად, მე კი მხოლოდ ყავას ვსვამ, ჩიზქეიქს ვჭამ და ეგაა. პრობლემა არ ყოფილა, შესანიშნავად მექცეოდნენ.

– როცა თქვით, რომ პოზნერთან შექმნილი ვითარების შემდეგ ორ კვირაში გადაწყვიტეთ „დინამოდან“ წასვლა, ხელმძღვანელობამ გაიგო თქვენი გადაწყვეტილება? მხარი დაგიჭირათ?

– მე შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო „დინამო თბილისის“ პრეზიდენტს, რომან ფიფიას, რადგან ჩემს მიმართ კითხვები საერთოდ არ ყოფილა. უნდოდათ, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ თან მთელი თანხა გადაიხადა, ორი ხელფასი წინასწარ მომცა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ჩემი ინიციატივით გაწყდა. ჩვენ დავრჩით მეგობრებად და დღემდე ვურთიერთობთ.

დატოვე კომენტარი