არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო წარმომადგენლები მათი თავდაცვის ძალების მიერ პოზიციების გაუმჯობესების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო წარმომადგენლები მათი თავდაცვის ძალების მიერ პოზიციების გაუმჯობესების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას

​არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათმა თავდაცვის ძალებმა მძიმე საბრძოლო მოქმედებების შემდეგ პოზიციები გააუმჯობესა. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი არაიკ ჰარუთუნიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, ის კვლავ საბრძოლო მოქმედებების წინა ხაზზე იმყოფება.

„მძიმე ბრძოლების შემდეგ, თავდაცვის არმიამ თავისი პოზიციები გააუმჯობესა, რითაც მოამზადა ნიადაგი წინსვლისთვის“, – წერს არუთუნიანი.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარეს შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებით დასახლებულ პუნქტებზე დარტყმების განხორციელებაში სდებს ბრალს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების ოთხი ტანკის განადგურებისა და სამი ტანკის ხელში ჩაგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შაბათს აქტიური საომარი მოქმედებები ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ გრძელდებოდა.

მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა სომხური მხარის მირ კონტროლირებადი რვა სოფელი დაიკავეს.