ავსტრიის ელჩი - ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება, რაც საქართველოს აქვს, ჩვენ არ ვყოფილვართ რუსეთის მიერ ასი წლით და მეტით ოკუპირებული
ავსტრიის ელჩი - ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება, რაც საქართველოს აქვს, ჩვენ არ ვყოფილვართ რუსეთის მიერ ასი წლით და მეტით ოკუპირებული

არის იდეა, რომ საქართველო ნეიტრალური იყოს და რუსეთი აღარ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება, რაც საქართველოს აქვს, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„საქართველოს სხვა მდგომარეობა აქვს. ჩვენ არ ვყოფილვართ რუსეთის მიერ ასი წლით და მეტით ოკუპირებული. პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს ავსტრია უდიდესი ქვეყანა იყო, რუსეთის შემდეგ სიდიდით, მასშტაბებით მეორე ქვეყანა, და ბუნებრივია, დღეს სრულიად სხვა მოცემულობაა. ჩვენ შეგვიძლია რაციონალურად წამოვაყენოთ ეს წინადადება და ვურჩიოთ საქართველოს, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ამ მიმართულებით, მაგრამ საქართველოსთვის ეს სრულიადაც არ არის მარტივი, როგორც, მაგალითად, ავსტრიისთვის იყო“, – განაცხადა არად ბენკომ.

ამ განცხადებით ავსტრიის ელჩმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შესაძლებელია თუ არა, საქართველო ნეიტრალური ქვეყანა გახდეს ავსტრიის მსგავსად, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ ევროკავშირის წევრია და შესაძლებელია თუ არა ამ მოდელის კავკასიაში გადმოტანა აქ, ამ რეალობასა და გეოგრაფიაში.

მისი თქმით, ავსტრიას აბსოლუტურად სხვა გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი სხვაობა არის ის პრინციპული სხვაობა, რომ ავსტრია რუსეთს არ ესაზღვრება და არ ესაზღვრებოდა საბჭოთა კავშირს.

„ისევე, როგორც გერმანია, ავსტრიაც ოკუპირებული იყო მოკავშირეების მიერ და მათ შორის, საბჭოთა კავშირი იღებდა მონაწილეობას. ჩვენ მოვახერხეთ, დაგვერწმუნებინა კრემლი და სტალინი, ავსტრია არ გაწითლებულიყო, კომუნისტური არ გამხდარიყო. ისტორიამ ცხადყო, რომ იყო იდეა და იმედი, თუ ავსტრია ნეიტრალური ქვეყანა იქნება, შესაძლოა, ნეიტრალიტეტი გერმანიამაც შეინარჩუნოს. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, 1991 წლის ბოლოს იყო საუბრები ავსტრიის ნატო-ში შესვლაზე. ამაზე ძალიან მწვავე დისკუსია იყო და ფაქტობრივად, უარი ითქვა“, – განაცხადა არად ბენკომ.