არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალური პროკურორი – „ფლაიდუბაის“ რეისთან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიებამ აჩვენა, რომ მეორე პილოტმა ტერორისტული თავდასხმა სცადა

13:19, 03.10.2026

არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალური პროკურორი ჰამად საიფ ალ-შამსი აცხადებს, რომ „ფლაიდუბაის“ რეისის ბორტზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.

მისივე თქმით, მეორე პილოტი კაპიტანს კაბინაში საგანგებო სიტუაციებისას გამოსაყენებლად შენახული საავარიო ნაჯახით დაესხა თავს.

ალ-შამსის განცხადებით, მეორე პილოტმა „ფლაიდუბაის“ თვითმფრინავზე კონტროლის მოპოვება სცადა და ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა.

„„ფლაიდუბაის რეის FZ1073-თან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიებამ აჩვენა, რომ მეორე პილოტმა ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა“, – განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალურმა პროკურორმა.

დაკავებული პილოტი ომანის მოქალაქე ჰამამ ალ-ჰამამია.

ცნობისთვის, პილოტებს შორის დაპირისპირების გამო ავიაკომპანია „ფლაიდუბაის“ თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან თელ ავივში მიფრინავდა, საუდის არაბეთში დაჯდა. ინციდენტისას თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალები გაგზავნა. თვითმფრინავის მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა გაანეიტრალეს მეორე პილოტი, რომელიც კაბინაში კაპიტანს დაესხა თავს. ისრაელელი ოფიციალური პირების ცნობით, პილოტმა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა.

მსგავსი