არაბიძე ”შახტართან” ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს 
არაბიძე ”შახტართან” ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 18 წლის ფეხბურთელი, გიორგი არაბიძე უკრაინულ „შახტართან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.

როგორც არაბიძემ პირველ არხს განუცხადა, კლუბმა ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი დონბასელთა დუბლშემადგენლობაში გამოდის, რადგან მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა მთავარ გუნდში დამკვიდრების შანსს არ აძლევს, ამის გამო არაბიძეს ”შახტარის” დატოვება სურს.

ამის ფონზე გუნდისგან ახალი კონტრაქტის შეთავაზება მოულოდნელი იყო, თუმცა არაბიძე უკრაინაში გაჩერებას არ გეგმავს.

„დაინტერესებული გუნდები არიან, უფრო მისაღები კი ჰოლანდიაში თამაშია და შემოთავაზებაც მივიღე. მინდა, რომ ჩემი ახალი კლუბი საშუალო ევროპული დონის იყოს, სადაც თავიდანვე ვითამაშებ და სათამაშო პრაქტიკასთან ერთად, თავის გამოჩენის საშუალება მექნება. ახლა პრობლემა ის არის, რომ დონეცკის “შახტარი” ტრანსფერში დიდ ფულს ითხოვს. წესით, იანვრის ბოლოს ბევრი რამ უნდა გაირკვეს” – ამბობს არაბიძე პირველ არხთან.