„არა ნაციზმის“ წევრებმა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების შეურაცხყოფისა და მუქარის გამო, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ დამფუძნებლებმა და აქტივისტებმა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისადმი შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებების გამო, „რუსთავი2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
სახალხო მოძრაობის წევრის, ია მეტრეველის განცხადებით, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებები სალომე ზურაბიშვილისა და მისი მხარდამჭერების მიმართ არის პატივისა და ღირსების შემლახავი.
„არა ნაციზმის“ წევრები „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
„შეგვაქვს საჩივარი „საზოგადოება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მისი გამონათქვამების გამო“. ეს არის პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებები და ქმედებები. ჩვენ გვაქვს 10 000 ხელმოწერა, რომელსაც დავურთავთ ამ სარჩელს. გვარამიას მხრიდან გაკეთებული განცხადებები იყო პატივისა და ღირსები შემლახავი, მაგალითად: ყველა, ვინც აძლევს ხმას სალომე ზურაბიშვილს და ვინც არის ზურაბიშვილის მომხრე, გიმახსოვრებთო, სადაც იქნებით იქ მოგწვდებით, ჯერ ამათ წავაგებინებთ და და შემდეგ თქვენთან გადმოვალო.
ჩვენი მოთხოვნაა, საჯაროდ ბოდიშის მოხდა სრულიად საზოგადოების წინაშე. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აძლევს სალომე ზურაბიშვილს ხმას და ამაში შედის ყველა ის ადამიანი, ვისაც მიაყენა შეურაცხყოფა“,- განაცხადა ია მეტრეველმა.