„აქსისის“ დამფუძნებელი - მთავრობის მიერ წარმოდგენილი სტიმულირების პაკეტი დროული, მნიშვნელოვანი და მრავალმხრივია
„აქსისის“ დამფუძნებელი - მთავრობის მიერ წარმოდგენილი სტიმულირების პაკეტი დროული, მნიშვნელოვანი და მრავალმხრივია

„აქსისის“ დამფუძნებელი ალექსანდრე მეჟევიძე დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სტიმულირების პაკეტი დროული, მნიშვნელოვანი და მრავალმხრივია.

მისივე თქმით, ანტიკრიზისულ გეგმაში კარგად არის გათვალისწინებული კრიზისის მიერ დაზარალებული ორივე მხარის – მომხმარებლებისა და კომპანიების ინტერესები.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ეს ადგილი, „აქსის თაუერსი“ შეირჩა ამ პრეზენტაციისთვის. დღეს ჩვენ ყველამ მოვისმინეთ პრეზენტაცია სტიმულირების პაკეტის, რომელიც იყო დროული, მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი. ეს ფაქტობრივად ყველა სექტორს შეეხო და კარგად იყო გათვალისწინებული კრიზისის მიერ დაზარალებული ორი მხარის ინტერესები. ეს არის ერთი მხრივ მომხმარებელი და მეორე მხრივ კომპანიები, რომლებიც ასევე ადამიანებისგან შედგება და დიდი ზარალი მიიღეს“,- განაცხადა ალექსანდრე მეჟევიძემ.

მეჟევიძის განმარტებით, მისთვის და გუნდისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, რომ აქცენტი გაკეთდა იმ კომპანიებზეც, რომლებმაც 2008 წლის კრიზისი გადაიტანეს.

„არ დაივიწყეს ეს კომპანიები. კომპანიები, რომლებიც არ გაჩერებულან, მუშაობდნენ ამ პერიოდის განმავლობაში, მათი ღვაწლი იყო დანახული, ეს მართლაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.
პირველი კრიზისისა და დღევანდელი კრიზისის მახასიათებლები არის ის, რომ ის არის საყოველთაო, ეხება ყველა დეველოპერს, მეორე მახასიათებელია ის, რომ არ არის იოლი პროცესი, ეს მარათონია და არ უნდა დაიმშვიდო თავი წინასწარ, რომ რაღაც იოლი გზა იქნება, უნდა შეხვდე მომზადებული. მესამე და მთავარი არის ის, რომ კრიზისი გაივლის, მთავარია, ჩვენ ყველამ ერთად გავამხნევოთ ერთმანეთი და მომზადებულები შევხვდეთ“,- აღნიშნა ალექსანდრე მეჟევიძემ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, კარანტინის პერიოდში შესყიდვები არათუ შემცირდა, საერთოდ გაჩერდა.

„იყო ძალიან იშვიათი გამონაკლისები, ძირითადად შეჩერებული იყო მშენებლობები და შესაბამისად, ამ პერიოდში კომპანიები იძულებულები ხდებიან, შეამცირონ ხარჯები, თანამშრომლები გაუშვან და ა.შ. ეს ხალხი ფაქტობრივად დგება რისკის ქვეშ, რომ დარჩნენ უსამსახუროდ. გაყიდვები, რა თქმა უნდა, შემცირდება, ეს დინამიკა გაგრძელდება, ჩვენ თავი არ უნდა დავიმშვიდოთ. ჩვენ ვიცით, რომ, სამწუხაროდ, შემოდგომაზე სავარაუდოდ მეორე ტალღა იქნება მსოფლიოში და ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი“,- აღნიშნა ალექსანდრე მეჟევიძემ.

წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს.