„აქსიოსი“ - უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
„აქსიოსი“ - უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამის შესახებ „აქსიოსი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებების ჩიხში შესვლა რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ მედინსკის მიერ წარმოდგენილი პოზიციით იყო განპირობებული.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აბუ დაბიში რუსეთთან გამართული სამხედრო მოლაპარაკებები უფრო პროდუქტიული იყო.

მისივე თქმით, მხარეები ძირითადად შეთანხმდნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ მექანიზმზე, რომელიც დრონების გამოყენებით ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს უზრუნველყოფს.

ამასთან, წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ უკრაინას მოლაპარაკებების პროცესში ევროპული ქვეყნების ჩართვაც სურს, რასაც რუსები ეწინააღმდეგებიან.

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, რუსებმა ზელენსკის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ, უკრაინის პრეზიდენტი სერიოზული მოლაპარაკებების წარმოების ნაცვლად, პოტენციური არჩევნების წინ საკუთარი პოპულარობის გაზრდას ცდილობს.

უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები ჟენევაში დღეს გაგრძელდება.