„აქსიოსი“ - საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში დახურულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ირანისადმი მუქარას თუ არ შეასრულებს, რეჟიმი გაძლიერდება
„აქსიოსი“ - საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში დახურულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ირანისადმი მუქარას თუ არ შეასრულებს, რეჟიმი გაძლიერდება

საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა, პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა ვაშინგტონში, დახურულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ მუქარას თუ არ შეასრულებს, რეჟიმი უფრო ძლიერი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი“ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აქსიოსის“ ინფორმაციით, ეს განცხადება მკვეთრად განსხვავდება იმ პოზიციისგან, რომელიც საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სამი კვირის წინ დააფიქსირა. პრინცმა აღნიშნა, რომ ირანზე თავდასხმა ესკალაციას გამოიწვევდა.

როგორც მედია წერს, სწორედ ერ-რიადის გაფრთხილება იქცა ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც ტრამპმა დარტყმის გადადება გადაწყვიტა.

როგორც გამოცემა იუწყება, ამ დროისთვის აშშ-ირანს შორის სერიოზული, პირდაპირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თეირანი ვაშინგტონთან „მაქსიმალისტურ პირობებზე დაფუძნებული“ შეთანხმების დადებით დაინტერესებული არ არის.

„ირანს გარიგების დადება ყოველთვის სურს. თუმცა პრობლემა ის არის, თუ რა ტიპის გარიგების დადება გსურთ. როგორი გარიგების დადება სურს ირანს და როგორი ტიპის გარიგებას დაეთანხმება აშშ? ეს ძალიან კარგი კითხვაა და ამ ეტაპზე ჩვენ შედეგს ვერ ვხედავთ“, – ციტირებს გამოცემა სპარსეთის ყურის ქვეყნიდან ერთ-ერთი ოფიციალური პირის სიტყვებს.