„აქსიოსი“ – პენტაგონმა სამხედროებს ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების შესაძლო განახლებისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა

10:36, 08.10.2026

პენტაგონმა სამხედროებს ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების შესაძლო განახლებისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი“ წერს.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ოპერაციების განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„აქსიოსის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დარტყმების სამიზნე, შესაძლოა, გახდეს ირანის ბირთვული ობიექტები, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული სექტორის ობიექტები.

გამოცემის ცნობით, სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში ოპერაციაში, სავარაუდოდ, ისრაელის არმიაც ჩაერთვება.

თეთრი სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა „აქსიოსს“ განუცხადა, რომ აშშ-ს ამჟამად „ძალიან ძლიერი პოზიცია“ აქვს, მათ შორის ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისა და ირანის ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

„პრეზიდენტ ტრამპს ყველა ბერკეტი აქვს და ის გააკეთებს იმას, რაც შეერთებული შტატებისთვის საუკეთესო იქნება“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ამასთან, გამოცემის ცნობით, თეთრმა სახლმა პენტაგონს ირანზე დარტყმების განახლების გეგმის მომზადება სთხოვა, მათ შორის ისეთი სცენარისთვისაც, რომლის განხორციელება ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე იქნებოდა შესაძლებელი.

მსგავსი