„აქსიოსი“ - დონალდ ტრამპმა „სამშვიდობო გეგმის“ მხარდაჭერა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯეი დი ვენსმა და მარკო რუბიომ განუცხადეს, რომ გეგმას შესაძლოა, ომის დასრულების კუთხით, წინსვლა მოჰყოლოდა
„აქსიოსი“ - დონალდ ტრამპმა „სამშვიდობო გეგმის“ მხარდაჭერა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯეი დი ვენსმა და მარკო რუბიომ განუცხადეს, რომ გეგმას შესაძლოა, ომის დასრულების კუთხით, წინსვლა მოჰყოლოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სამშვიდობო გეგმის“ მხარდაჭერა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დონალდ ტრამპს განუცხადეს, რომ 28-პუნქტიან გეგმას, შესაძლოა, გარღვევა მოჰყოლოდა. ამის შესახებ „აქსიოსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თეთრ სახლში შეხვედრა 18 ნოემბერს გაიმართა, რამაც ჟენევის მოლაპარაკებებს ჩაუყარა საფუძველი.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ტრამპმა აშშ-ის არმიის მდივანს, დენ დრისკოლს ურჩია, ეს წინადადება უკრაინისთვის წარედგინა, რადგან ის უკვე გეგმავდა კიევში ჩასვლას უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობებისა და სულისკვეთების შესაფასებლად.

წყაროს ცნობით, დრისკოლის მისია იყო საბრძოლო ველზე არსებული ვითარების შეფასება სამხედროებთან პირდაპირი ურთიერთქმედებით.

გამოცემა წერს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების დროს აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა 28 პუნქტიანი გეგმა 20-მდე შეამცირეს და 18 პუნქტზე მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს. კიდევ ორი ​​პუნქტი საჯაროდ არ განხილულა, რადგან ისინი „მგრძნობიარე საკითხებს“ წარმოადგენდა.

„როგორც ჩანს, ეს ორი საკითხი უკრაინის ტერიტორიასა და უსაფრთხოების გარანტიებს ეხება“, – წერს „აქსიოსი“.