„აქსიოსი“ - დონალდ ტრამპმა და მარკო რუბიომ სამიზნეში ამოიღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს „დიფ სთეითი“
დონალდ ტრამპმა და მარკო რუბიომ სამიზნეში ამოიღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი“ წერს.
მედიასაშუალების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ახორციელებენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მასშტაბური რესტრუქტურიზაციას, რა დროსაც ამცირებენ უწყების მასშტაბს, ხოლო უფლებამოსილების ნაწილს სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტებს გადასცემენ.
როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის ბიუროკრატიული უწყება, სადაც მრავალი წელია დასაქმებულები არიან ისეთი მაღალჩნოსნები, რომლებიც პრეზიდენტის ხედვას არ იზიარებენ.
თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა, რომელიც ჩართული იყო რეორგანიზაციის დაგეგმვაში, მედიასაშუალებასთან საუბარში რეორგანიზაცია დაახასიათა, როგორც დონალდ ტრამპისა და მარკო რუბიოს უახლესი ნაბიჯი იმის წინააღმდეგ, რასაც ისინი ვაშინგტონის „დიფ სთეითად“ მიიჩნევენ.
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის „დიფ სთეითის“ უკიდურესი გამოვლინება. ეს არის მარკო რუბიო „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ. ჩვენ „დიფ სთეითს“ ვანადგურებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
„აქსიოსის“ ცნობით, რეორგანიზაცია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს 350 თანამშრომლის განახევრებას ითვალისწინებს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან გათავისუფლებულებს მთავრობაში სხვა პოზიციებზე გადაიყვანენ.
„ეროვნული უსაფრთხოებს საბჭოსთვის სწორი ზომის განსაზღვრა თავდაპირველ დანიშნულებას და პრეზიდენტის ხედვას შეესაბამება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უკეთეს მდგომარეობაში იქნება სააგენტოებთან თანამშრომლობისთვის“, – განუცხადა მარკო რუბიომ „აქსიოსს“.