„აქსიოსი“ - აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებზე განიხილება გამდიდრებული ურანის მარაგების დათმობა, სანაცვლოდ კი აშშ შეზღუდვებს მოხსნის 20 მილიარდის გაყინულ ფონდებზე
„აქსიოსი“ - აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებზე განიხილება გამდიდრებული ურანის მარაგების დათმობა, სანაცვლოდ კი აშშ შეზღუდვებს მოხსნის 20 მილიარდის გაყინულ ფონდებზე

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებზე განიხილება გამდიდრებული ურანის მარაგების დათმობა, სანაცვლოდ კი აშშ შეზღუდვებს მოხსნის 20 მილიარდის გაყინულ ფონდებზე. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.

„აქსიოსის“ თანახმად, აშშ და ირანი ომის დასრულების სამგვერდიან გეგმაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

როგორც „აქსიოსი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია იმის უზრუნველყოფა, რომ ირანს არ ჰქონდეს წვდომა მის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებში დამარხულ თითქმის 2 000 კგ გამდიდრებულ ურანზე, განსაკუთრებით, 450 კგ-ზე, რომელიც 60 პროცენტამდე არის გამდიდრებული.

ამასთან, მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმაზე, რა ბედი ეწევა მარაგს და ირანის აქტივების რა ნაწილი გათავისუფლდება. ისინი ასევე განიხილავენ პირობებს, რომლითაც ირანს შეუძლია ამ თანხის გამოყენება.

„აქსიოსი“ წერს, რომ, ორი წყაროს ცნობით, აშშ მზად იყო მოლაპარაკებების ადრეულ ეტაპზე ირანისთვის 6 მილიარდი დოლარი გამოეყო საკვების, მედიკამენტების და სხვა ჰუმანიტარული მარაგების შესაძენად. ირანელებმა 27 მილიარდი დოლარი მოითხოვეს. წყაროების ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის განხილული ბოლო ციფრი 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ეს აშშ-ის წინადადება იყო.

„აქსიოსის“ თანახმად, ამჟამად განხილვის პროცესში არსებული კომპრომისული წინადადების თანახმად, მაღალგამდიდრებული ურანის ნაწილი მესამე ქვეყანაში გაიგზავნება, არა აუცილებლად აშშ-ში, ხოლო ნაწილი ირანში საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ დამუშავდება.

როგორც „აქსიოსი“ წერს, „აშშ-მა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში მოითხოვა, რომ ირანი დათანხმებოდა 20-წლიან მორატორიუმს. ირანმა საპასუხოდ ხუთწლიანი მორატორიუმის ინიციატივა წარადგინა. შუამავლები კვლავ ცდილობენ არსებული ხარვეზის აღმოფხვრას. ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ირანს სამედიცინო იზოტოპების წარმოებისთვის ბირთვული კვლევითი რეაქტორების ქონის უფლება მიეცემა, თუმცა ვალდებულებას აიღებს, რომ მისი ყველა ბირთვული ობიექტი მიწის ზემოთ იქნება განთავსებული. არსებული მიწისქვეშა ნაგებობები ექსპლუატაციიდან უნდა გამოვიდეს“.