„აქსიოსი“ – აშშ-მა ირანს 24 საათი მისცა, რათა ჰორმუზის სრუტეში თავდასხმებზე საჯაროდ თქვას უარი

12:48, 11.07.2026

აშშ-მა ირანს 24 საათი მისცა, რათა ჰორმუზის სრუტეში თავდასხმებზე საჯაროდ თქვას უარი, – ამის შესახებ „აქსიოსი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ეს გაფრთხილება ირანულ მხარეს პირდაპირი და რეგიონული შუამავლების მეშვეობით გადაეცა.

აშშ-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირანმა დაარღვია სამი კვირის წინ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი და ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო გემებს ცეცხლი არაერთხელ გაუხსნა. მათივე თქმით, ირანის ქმედებები ეჭვს ბადებს, რომ თეირანი მზად არ არის, ბირთვული შეთანხმების პირობები მიიღოს.

ცნობისთვის, აშშ-მა და ირანმა 17 ივნისს ისლამაბადში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის ომის აქტიური ფაზის დასრულებას. პაკისტანის შუამავლობით მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, ირანის წინააღმდეგ ამერიკული საზღვაო ბლოკადის მოხსნას, თავისუფალი ნაოსნობის აღდგენას და მუდმივი შეთანხმების შესამუშავებლად 60-დღიანი პერიოდის დაწყებას. თუმცა ივლისის დასაწყისისთვის ირანის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების დაბომბვა განაახლეს. 7-8 ივლისს ამერიკულმა ძალებმა სამი სავაჭრო გემის დაბომბვის საპასუხოდ ირანში ათობით სამხედრო ობიექტი დაბომბეს.

მსგავსი