„აქსიოისი“ - სტივ უიტკოფი დღეს კატარის პრემიერ-მინისტრს ღაზის სექტორში ომის დასრულებისა და მძევლების გათავისუფლების გეგმის განსახილველად შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დღეს კატარის პრემიერ-მინისტრს, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულ რაჰმან ალ-ტანის ესპანეთის კუნძულ იბიცაზე ღაზის სექტორში ომის დასრულებისა და მძევლების გათავისუფლების გეგმის განსახილველად შეხვდება.
ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.
გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გეგმა ისრაელსა და „ჰამასს“ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში წარედგინება.
„აქსიოსთან“ საუბარში ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ ისრაელი ღიაა ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევის მცდელობებთან, მაგრამ „ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დასრულების საკითხში განხეთქილება ძალიან დიდია, ამიტომ ყოვლისმომცველი შეთანხმების განხილვა ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, უაზრო იქნება“.