აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია-პერფორმანსი გამართეს
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია-პერფორმანსი გამართეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა მორიგი აქცია-პერფორმანსი გამართეს. ისინი აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის, „ვოსორიტიდის“ ქვეყანაში შემოტანასა და მედიკამენტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას ითხოვენ. ამასთან, მათი მოთხოვნაა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.

„უკვე ოთხი დღეა, მშობლებს ახალი საცხოვრებელი გაგვიჩნდა კანცელარიასთან. ვევედრებით, ვეხვეწებით ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, შეგვხვდეს, დაგველაპარაკოს. მან ძალიან კარგად იცის ჩვენი საჭიროება, იცის ჩვენი მოთხოვნები. ამიტომ ვეხვეწებით, შეგვხვდეს, მის კეთილ ნებაზეა ამ ბავშვების მომავალი დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ის უსმენს ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურებს, მაგრამ დამერწმუნეთ, მათ ძალიან კარგად იციან, ჩვენ მართალი ვართ, მაგრამ არ ემეტებათ თანხები. არ დავიღლებით, ერთმანეთს შევეშველებით, ამ მედიკამენტს აუცილებლად მივუტანთ ჩვენს შვილებს და შევუსრულებთ მათ დანაპირებს. „ვოსორიტიდი“ არის ერთადერთი მედიკამენტი იშვიათი დაავადების, აქონდროპლაზიის სამკურნალოდ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქეთევან ბეგიაშვილმა.

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა მსვლელობით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედაც გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარეობდა ღონისძიება, რასაც მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და ამ ფორმით მათთვის დისკომფორტის შექმნა სურდათ.

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები უკვე მეხუთე დღეა, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამეს ათენებენ. როგორც აღნიშნავენ, მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე ამ რეჟიმში ყოფნასა და პერმანენტულ აქციებს აპირებენ.

სოლიდარობის გამოსახატად, მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების აქციას სხვადასხვა სფეროსა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.