აქციის ორგანიზატორები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრას ითხოვენ
აქციის ორგანიზატორები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრას ითხოვენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა, რომლებსაც მაუწყებლის მენეჯმენტმა შრომის ახალი პირობები შესთავაზა, პირველი არხის შენობასთან აქცია გამართეს.​ ისინი არხის ხელმძღვანელობასთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებთან საჯარო შეხვედრას ითხოვენ.

ჟურნალისტების დამოუკიდებელი პროფკავშირების თავმჯდომარის ნინო ზაუტაშვილის განცხადებით, ისინი მოითხოვენ, პროცესში ჩაერთოს პარლამენტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ასევე სახალხო დამცველი.

„მივმართეთ ყველას, არასამთავრობო სექტორს, პარლამენტს და მთავრობას, ჩაერთონ პროცესებში. ასევე მოვითხოვთ, რომ ხვალ შეგვხვდეს სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორი. იყოს გაფართოებული შეხვედრა და დაესწროს წარმომადგენელი პარლამენტიდან, სახალხო დამცველის ოფისიდან, ასევე დაესწროს მედია. გვინდა პროცესები გახდეს გამჭვირვალე და ყველა შეკითხვაზე იყოს პასუხი გაცემული, თუ რატომ შეეხო ეს პროცესი კონკრეტულ ადამიანებს, ვისი გადაწყვეტილებით მოხდა და რა ვერ გააკეთეს მათ“,- განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების თქმით, მენეჯმენტის მიერ შეთავაზებული ახალი ხელშეკრულება, რომელიც საათობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებს, უსამართლოა და მათი სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტი და პროფკავშირების წევრი დოდო შონავა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს.

„წელიწადი და რვა თვეა საზოგადოებრივი მაუწყებელი იმართება არაკვალიფიციურად, არაეფექტურად. იმისთვის, რომ ეფექტურად იმართებოდეს ესა თუ ის ორგანიზაცია და განსაკუთრებით მედიაორგანიზაცია, საჭიროა სათანადო პოლიტიკა.

მაინტერესებს, რამდენი მილიონი ლარი დავხარჯეთ, როდესაც ერთი არხი დახურულია. მეორე არხი, რომელიც ძირითადად განაპირობებდა ნდობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, დაიხურა. რადიოს პირველი არხი დაიხურა. კონკურსი გამოცხადდა. იანვრამდე დახურული იქნება და მეორე არხის ეთერში, როდესაც არ იქნება პარლამენტი და საკომიტეტო მოსმენები ჩართული, იქნება რადიო ორი. რადიოს პირველ არხზე ჩართული იქნება რადიო ორი და რადიო ორზე ჩართული იქნება რადიო ორი.

მივმართავ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რამდენად შეესაბამება კანონს მენეჯმენტის გადაწყვეტილება“,- განაცხადა დოდო შონავამ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდნენ, დანარჩენებს კი მაუწყებელმა შესთავაზა შრომითი ხელშეკრულების ცვლილება.