აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან სასტუმრო „რედისონთან“ გადაინაცვლეს [ფოტო]
აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან სასტუმრო „რედისონთან“ გადაინაცვლეს [ფოტო]

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც საქართველოს პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ გადაინაცვლეს.

მათი თქმით, სასტუმროში იმყოფება სერგეი გავრილოვი, რომელსაც მავთულხლართები უნდა გადასცენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე დავით ქაცარავა ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოდან დაუყოვნებლივ დეპორტაციას ითხოვს. ამასთან, ქაცარავა საორგანიზაციო ჯგუფისგან, რომელმაც გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა უზრუნველყო, ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

„ჯგუფმა, რომელმაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ჩამოიყვანა, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. გავრილოვის დაუყოვნებლივ დეპორტაცია უნდა მოხდეს. სადაც ეს ასამბლეა გაიმართება, ყველგან შევუქმნით პრობლემას. თუ გააპარეს, ისევ პარლამენტთან გადავინაცვლებთ. ჩვენ გავრილოვს ვეძებთ და შევეცდებით, „რედისონში“ გავარკვიოთ, სად არის ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი. თუ აქ აღმოჩნდება და არ გააპარეს, საჩუქრად მავთულხლართს გადავცემთ“, – აცხადებს დავით ქაცარავა.

მანამდე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პარლამენტის შესასვლელთან. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ცდილობდნენ. მათ ამის საშუალება მანდატურებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტთან შეხვედრას მოითხოვდნენ, ვინც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოყვანა უზრუნველყო. აქციის მონაწილის, დავით ქაცარავას განცხადებით, მას და მის მომხრეებს პარლამენტში შესვლა სურდათ, რათა ოფიციალურად მოეთხოვათ და წამოეყენებინათ საკუთარი მოთხოვნები. აქციის მონაწილეები ითხოვენ, მოხდეს გავრილოვის დეპორტაცია და საორგანიზაციო კომიტეტმა ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს იმისთვის, რომ რუსი დეპუტატი საქართველოში ჩამოვიდა და დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი აპროტესტებენ რუსეთის ოკუპაციას, მოითხოვენ სერგეი გავრილოვის საქართველოდან დეპორტაციას, ისინი ასევე ითხოვენ, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს, რადგან, მათი თქმით, ამით დაირღვა საქართველოს უფლებები, საქართველოს სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებით არ დადგა შესაბამისი ადგილას და მან თავი დაუხარა რუსეთს.

ამ დროისთვის აქცია სასტუმრო „რედისონთან“ გრძელდება.